რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ნათელია, რა პოზიციაზეა ნეთანიაჰუ, მაგრამ მიცოტაკისს ასეთი შეცდომა არ უნდა დაეშვა, ჩვენ გვიკითხავს, რატომ შეიძინა ან ყიდულობს ის საბერძნეთისთვის თავდაცვით სისტემებს?
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ანკარაში ნატო-ს სამიტის დასკვნით დღეს სიტყვით გამოსვლისას ისრაელისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრების კრიტიკას უპასუხა, რომლებიც თურქეთისთვის ამერიკული F-35-ის ტიპის გამანადგურებლების შესაძლო მიყიდვას ეწინააღმდეგებიან.
„არცერთ ამ განცხადებას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ნათელია, რა პოზიციაზეა ნეთანიაჰუ. ბატონ მიცოტაკისს კი ასეთი შეცდომა არ უნდა დაეშვა. ჩვენ ოდესმე დაგვისვამს კითხვა, რატომ შეიძინა ან რატომ ყიდულობს მიცოტაკისი საბერძნეთისთვის ასეთ თავდაცვით სისტემებს? – არა“, – განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-მა თურქეთის წინააღმდეგ სანქციები პრაქტიკულად მოხსნა.
„ამერიკას ჩვენ წინააღმდეგ სანქციები არ აქვს. ისინი, ძირითადად, მოხსნილია. აქ არიან თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრეზიდენტი, ყველა პირადად ხედავს, რომ ეს სანქციები თურქეთის მიმართ აღარ გამოიყენება. ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს. რაიმე საკითხი თუ ჩნდება, საბედნიეროდ, ტრამპი დარეკვიდან 24 საათის განმავლობაში გვპასუხობს“, – განაცხადა ერდოღანმა.
ანკარის სამიტის დასრულების შემდეგ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის, ალიანსში უფრო დიდი პასუხისმგებლობა აიღოს და წევრ ქვეყნებს შორის თავდაცვითი ტვირთის უფრო სამართლიან განაწილებას შეუწყოს ხელი.