რეჯეფ თაიფ ერდოღანი - მჯერა, რომ იტალია, რომელმაც დასაწყისიდანვე მხარი დაუჭირა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, ამ მიდგომას გააგრძელებს
მჯერა, რომ იტალია, რომელმაც დასაწყისიდანვე მხარი დაუჭირა ჩვენს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, გააგრძელებს ამ მიდგომას, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რომში, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, ერდოღანმა აღნიშნა, რომ ლიდერებმა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობის ახალი წლიური მიზანი, 40 მილიარდი დოლარი დაისახეს.
„ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობის გაძლიერებას იტალიასთან, რომელმაც მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია თავდაცვის ინდუსტრიის სფეროში, ახალი პარტნიორობებითა და პროექტებით. დღევანდელ სამიტზე ჩვენი ახალი სავაჭრო მოცულობის მიზანი, 40 მილიარდი დოლარი დავსახეთ“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა ღაზასა და ლიბიაში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.
„ჩვენ გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას ლიბიის სტაბილურობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, გრძელვადიანი და მდგრადი გადაწყვეტილებების მოსაძებნად. ჩვენი პრიორიტეტია ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა, სადაც ჰუმანიტარული დახმარების შეტანაც კი ორი თვის განმავლობაში არ იყო ნებადართული“, – განცხადა ერდოღანმა.
თავის მხრივ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ აღნიშნა, რომ იტალიის ურთიერთობა თურქეთთან სცდება ეკონომიკურ ურთიერთობებს.
„მჯერა, რომ ჩვენ კარგი საფუძველი ჩავყარეთ იტალიასა და თურქეთს შორის იდეალური ურთიერთობების კიდევ უფრო გასაღრმავებლად. ჩვენი ურთიერთობა სცილდება მხოლოდ ეკონომიკურ კავშირებს. ჩვენ ვართ მოკავშირე ქვეყნები“, – განაცხადა მელონიმ.
რომში თურქეთ-იტალიის მე-4 მთავრობათაშორისი სამიტი იმართება. სამიტი მედიისთვის დახურულია. სამიტს ესწრებიან თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი ოსმან აშკინ ბაკი, კულტურისა და ტურიზმის მინისტრი მეჰმეთ ნური ერსოი, ეროვნული თავდაცვის მინისტრი იაშარ გიულერი, ვაჭრობის მინისტრი ომერ ბოლატი და სხვა მაღალჩინოსნები.