რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხვალ ანკარაში ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს უმასპინძლებს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხვალ ანკარაში ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს უმასპინძლებს. ისინი, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთ-უკრაინის ომსაც განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ თურქ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
„როიტერის“ ცნობით, მოლაპარაკებებზე ერდოღანი და რუტე განიხილავენ ნატო-ს მოკავშირეებს შორის თავდაცვითი შესყიდვების დაბრკოლებების აღმოფხვრასა და სამხედრო ალიანსის ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგაც.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ერდოღანის „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საბრძოლო მოქმედებების გაყინვას მხარეების ამჟამინდელ პოზიციებზე, ასევე უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის განხილვის გადადებას, სულ მცირე, ათი წლით.
გარდა ამისა, იქამდე ერდოღანმა განაცხადა, რომ არ ემხრობა აშშ-ის გადაწყვეტილებას, ნება დართოს უკრაინას, გამოიყენოს ამერიკული ATACMS -ის ტიპის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე.
პარალელურად, თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და კიევს სამხედრო დახმარებას უწევს.