რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ისრაელი ღაზაში მუდმივად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას შეთხზული მიზეზების გამო
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ისრაელი ღაზაში მუდმივად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას შეთხზული მიზეზების გამო

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას „გამოგონილი“ მიზეზებით არღვევს. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამის შესახებ სტამბოლში, მეცნიერების პოპულარიზაციისთვის ჯილდოების გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო მედიამ გააშუქა ის ფაქტი, რომ ღაზაში ისრაელ-ჰამასის ომის დაწყებიდან დღემდე 270-ზე მეტი ჟურნალისტი დაიღუპა.

„როგორც ხედავთ, ე.წ. ცივილიზებული სამყარო ორი წლის განმავლობაში მხოლოდ ღაზაში ჩადენილ მკვლელობებსა და სასტიკ გენოციდს უყურებდა. საერთაშორისო მედიაორგანიზაციებმა, რომლებმაც სტამბოლის გეზის პარკის საპროტესტო აქციების დროს ბანაკი გაშალეს, კოლეგების შესახებ ინფორმაციაც კი არ გაავრცელეს, მაშინ როცა ღაზაში 270-ზე მეტი ჟურნალისტი დაიღუპა. განსაკუთრებით თქვენს ყურადღებას ვამახვილებ ამ სამარცხვინო ციფრებზე. ისრაელის ბომბების სამიზნე ღაზაში სკოლების 80%-ია, რაც 668 სკოლის შენობას ნიშნავს. ოკუპაციური ძალების მიერ 13 500-ზე მეტი სტუდენტი, 830-ზე მეტი მასწავლებელი და საგანმანათლებლო პერსონალი, ასევე 193 მეცნიერი და აკადემიკოსი დაიღუპა. 785 000-ზე მეტ სტუდენტს ჩამოერთვა განათლების უფლება. ეს ომის სასტიკი შედეგები არ არის. იქ განხორციელდა მასობრივი მკვლელობის შეგნებული, განზრახ დაგეგმილი პოლიტიკაა”, – განაცხადა მან.

ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა თურქეთის ჩარევის წყალობით მოხერხდა.

„ისრაელი მუდმივად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას შეთხზული მიზეზების გამო. ჩვენ ვხედავთ, რომ „ჰამასი”, ისრაელის პროვოკაციების მიუხედავად, მოთმინებით ინარჩუნებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ჩვენ მივესალმებით ამას.

თურქეთი ყველაფერს აკეთებს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად, ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნებისა და ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ერდოღანმა.