რეჯეფ თაიფ ერდოღანი - გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ღაზაში განვითარებული მოვლენების ფონზე „ჩამოიშალა“
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ღაზაში განვითარებული მოვლენების ფონზე „ჩამოიშალა“

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ღაზას საზღვართან ორშაბათს განვითარებული მოვლენების ფონზე „ჩამოიშალა“. საუბარია იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნის მოწინააღმდეგე პალესტინელების საპროტესტო აქციაზე, რომელიც ისრაელის სამხედრო შენაერთებმა ცეცხლსასროლი იარაღითა და ცრემლმდენი გაზით დაარბია. ამ ოპერაციას 60 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თურქეთი მათ შორისაა, ვინც ყველაზე მკაცრად აკრიტიკებს ისრაელის მიერ ამგვარი ძალის გამოყენებას აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. ამ თემაზე ერდოღანმა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების შეხვედრა დანიშნა, რომელიც ხვალ სტამბოლში გაიმართება.

რამადანის პირველი დღის აღმნიშვნელ სადილზე საუბრისას ერდოღანმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოების უდიდესი ნაწილი ღაზაში განვითარებული მოვლენების მიმართ გულგრილია.

ორშაბათს ჩატარებული ოპერაციის შემდეგ თურქეთსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობებიც დაიძაბა. ორივე მხარემ ქვეყნიდან ერთმანეთის წარმომადგენლები გააძევა.
მანამდე ერდოღანმა ღაზას საზღვართან 60 პალესტინელის მკვლელობა გენოციდად შეაფასა.