რეჯეფ თაიფ ერდოღანი ევროკავშირს მოუწოდებს, ლიბიაში მის ნაბიჯებს მხარი დაუჭიროს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ევროკავშირს მოუწოდებს, ლიბიაში მის ნაბიჯებს მხარი დაუჭიროს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ევროკავშირს მოუწოდებს, ლიბიაში მის ნაბიჯებს მხარი დაუჭიროს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა გამოცემა „პოლიტიკოში“ გამოქვეყნებულ სარედაქციო წერილში განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განმარტებით, თუ ევროპულ გაერთიანებას ლიბიაში არსებული კონფლიქტის დასრულება სურს, მის ნაბიჯებს უნდა დაუჭიროს მხარი.

„იმის გათვალისწინებით, რომ ევროპა ლიბიაში სამხედრო მხარდაჭერის წარმოდგენით ნაკლებად არის დაინტერესებული, მისთვის მკაფიო არჩევანი რჩება თურქეთი, რომელიც უკვე დაჰპირდა ლიბიას სამხედრო დახმარებას. ჩვენ გავწვრთნით ლიბიური უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებს და დავეხმარებით ტერორიზმის, ადამიანებით ვაჭრობისა და სხვა სერიოზული გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გამოცემა „პოლიტიკოში“ გამოქვეყნებულ სარედაქციო წერილში.

19 იანვარს გერმანია ლიბიაში არსებული ვითარების დარეგულირების მიზნით, საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. რიგი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობას ლიბიის ამბოხებულების ლიდერი ხალიფა ჰაფთარიც მიიღებს.

მუამარ კადაფის ჩამოგდების შემდეგ, ლიბიაში ორი მმართველობა ჩამოყალიბდა. აღმოსავლეთ ლიბიას ამბოხებული გენერალი ხალიფა ჰაფთარი მართავს, რომელიც ქვეყნის დედაქალაქის აღებას ცდილობს.

ტრიპოლიში გაერო-ს მიერ აღიარებული მთავრობაა განთავსებული. ხალიფა ჰაფთარს ეგვიპტე და არაბთა გაერთიანებული საამიროები უჭერენ მხარს.