რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩვენ ველოდებით, რომ სომხეთი გაწვდილ მშვიდობის ხელს უპასუხებს და გადადგამს გულწრფელ ნაბიჯებს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩვენ ველოდებით, რომ სომხეთი გაწვდილ მშვიდობის ხელს უპასუხებს და გადადგამს გულწრფელ ნაბიჯებს

ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერების მოლაპარაკებები დასრულდა. თურქული მედიის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შედეგად რეგიონში სრულფასოვანი ნორმალიზაციის შესაძლებლობა გაჩნდა. ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი სომხეთისგან გულწრფელ ნაბიჯებს ელოდებიან.

„ჩვენ ველოდებით, რომ სომხეთი გაწვდილ მშვიდობის ხელს უპასუხებს და გადადგამს გულწრფელ ნაბიჯებს“, – განაცხადა ერდოღანმა.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყარაბაღელი სომხების რეინტეგრაციის პროცესის წარმატებაში დარწმუნებულია.

„რამდენიმე დღის წინ ქალაქ ევლახში გაიმართა ყარაბაღელი სომხების და აზერბაიჯანი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელთა შეხვედრა. დღეს ხანქენდიში მეორე შეხვედრა იმართება. შედეგების შესახებ ჯერ ინფორმაცია არ მიმიღია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყარაბაღში სომხური მოსახლეობის ინტეგრაცია აზერბაიჯანის საზოგადოებაში წარმატებულად გაგრძელდება“, – განაცხადა ალიევმა.

მოლაპარაკებების დროს თურქეთის პრეზიდენტმა ასევე გაამახვილა ყურადღება იღდირი-ნახიჩევანის გაზსადენის პროექტზე. ერდოღანის თქმით, „ეს ინიციატივა განამტკიცებს თანამშრომლობას აზერბაიჯანთან ენერგეტიკულ სფეროში და წვლილს შეიტანს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში“.