რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩვენ პატივს ვცემთ საარჩევნო ყუთების საშუალებით გამოხატულ ხალხის ნებას
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩვენ პატივს ვცემთ საარჩევნო ყუთების საშუალებით გამოხატულ ხალხის ნებას

ჩვენ პატივს ვცემთ საარჩევნო ყუთების საშუალებით გამოხატულ ხალხის ნებას, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გამოცხადდა.

როგორც ერდოღანმა აღნიშნა, განურჩევლად შედეგებისა, 14 მაისის არჩევნებში თურქეთის დემოკრატიამ და თურქმა ერმა გაიმარჯვა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მისი ალიანსი მეტ ხმას მოიზიდავს და 28 მაისს დანიშნული მეორე ტურიდან გამარჯვებული გამოვა.

„ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ისტორიულ წარმატებას მივაღწევთ“, – აღნიშნა ერდოღანმა.

მისი თქმით, თურქეთის პარლამენტში „სახალხო ალიანსისთვის“ მანდატების მინიჭებით, თურქმა ხალხმა დაადასტურა ალიანსისადმი ნდობა და რწმენა.

ორშაბათს თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ განაცხადა, რომ თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება, ვინაიდან ვერცერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტის მოპოვება ვერ შეძლო.

მეორე ტურში ორი კანდიდატი, მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ მიიღებენ მონაწილეობას. ამ დროისთვის არსებული წინასწარი მონაცემებით, თურქეთის მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხმათა – 49.50%, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს კი 44,89% აქვს. დათვლილია ბიულეტენების 99,87%.