რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მაჰმუდ აბასს შეხვდა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მაჰმუდ აბასს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, დახურულ მოლაპარაკებებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანიც ესწრებოდა.
თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის ცნობით, შეხვედრაზე განიხილებოდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი და რეგიონული პრობლემები.
როგორც ერდოღანმა აბასს განუცხადა, ისრაელი ემუქრება არა მხოლოდ პალესტინას, არამედ რეგიონულ სტაბილურობას, რისი დასტურიცაა კატარში განხორციელებული დარტყმა.
ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის პრიორიტეტია ღაზაში დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა და ჰუმანიტარული კრიზისის დასრულება. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელზე საერთაშორისო ზეწოლა ძლიერდება. მისი თქმით, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე თურქეთი პალესტინის ხმა იქნება.
ცნობისთვის, მანამდე, სექტემბრის დასაწყისში თურქეთის ლიდერმა გააკრიტიკა აშშ-ის გადაწყვეტილება, გაეუქმებინა ვიზები პალესტინელი მაღალჩინოსნებისთვის, რის გამოც ისინი ნიუ იოკრში გაერო-ს გენერალურ ასამბლეის სესიას ვერ დაესწრებიან.