რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მის დელეგაციასთან განიხილა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება სამართლიანი მშვიდობით
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ზელენსკისა და მის დელეგაციასთან განიხილა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება სამართლიანი მშვიდობით.
აღნიშნულის შესახებ ერდოღანმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
ზელენსკისა და ერდოღანის შეხვედრა ანკარაში, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და ორ საათსა და 45 წუთს გაგრძელდა. დახურულ კარს მიღმა გამართულ მოლაპარაკებებს თურქეთის მხრიდან ასევე დაესწრნენ თავდაცვის მინისტრი, ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი.
ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ გუშინ ტელეფონით ოთხმხრივი საუბარი ჰქონდა დონალდ ტრამპთან, საუდის არაბეთის პრინცთან, მუჰამედ ბინ სალმანთან და სირიის პრეზიდენტთან, აჰმედ ალ-შარაასთან. ასევე, ბოლო დღეებში ტელეფონით კომუნიკაცია ჰქონდა ვლადიმერ პუტინთან, ემანუელ მაკრონთან და ჯორჯია მელონისთან. ხვალ კი თურქეთის პრეზიდენტი ალბანეთში გაემგზავრება, სადაც ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას.