რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგი ატომური ბომბების აფეთქების ტოლფასი იყო
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგი ატომური ბომბების აფეთქების ტოლფასი იყო

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგი ატომური ბომბების აფეთქების ტოლფასი იყო. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა.

თურქეთის ლოდერმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და დაზარალებულებს დახმარებას დაჰპირდა.

ამასთან, ერდოღანმა განაცხადა, რომ ის პრობლემები, რომლებიც თურქეთს გაუჩნდა მიწისძვრის დროს, ნებისმიერ ქვეყანას ექნებოდა მსგავსი მასშტაბის სტიქიისას.

„ვუსამძიმრებ მიწისძვრის შედეგად დაღუპული 35 418 მოქალაქის ოჯახებს, რომლებმაც საყვარელი ადამიანი დაკარგეს და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ 105 505 მოქალაქეს, რომლებმაც ან თავად შეძლეს ნანგრევებიდან ამოსვლა, ან მათ მაშველები დაეხმარნენ და გადაარჩინეს“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა მიწისძვრის დროს დანგრეული შენობების შესახებ და აღნიშნა, რომ მათი უმრავლესობა 1999 წლამდე იყო აშენებული.

„ის ფაქტი, რომ დანგრეული შენობების უმეტესობა 1999 წლამდე იყო აშენებული, მიუთითებს იმ პროგრესზე, რომელსაც მშენებლობის სტანდარტებში მოვაღწიეთ და გვახსენებს, რომ მეტი სიმკაცრეა საჭირო“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.