რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთის მიზანია, რუსეთთან კარგი ურთიერთობები ჰქონდეს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთის მიზანია, რუსეთთან კარგი ურთიერთობები ჰქონდეს

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთის მიზანია, რუსეთთან კარგი ურთიერთობები ჰქონდეს. ამის შესახებ თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა სივას პროვინციაში გამართულ წინასაარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას განაცხადა.

ერდოღანმა ეს განცხადება პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის, ქემალ კილიჩდაროღლუს განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში რუსეთის მიმართ მკაცრი სანქციების დაწესების პირობას დებს.

„ბატონი ქემალი უკმაყოფილოა, რომ მე კარგ ურთიერთობებს ვინარჩუნებ ბატონ პუტინთან. ის ამბობს: „მე დავემორჩილები დასავლეთს, დავაწესებთ სანქციების პუტინის წინააღმდეგ“. ბატონო ქემალ, თქვენ აბსოლუტურად ვერ ერკვევით პოლიტიკაში, წადით, დაისვენეთ“, – განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანის განცხადებით, ის ასევე მხარს უჭერს პოზიტიური ურთიერთობების შენარჩუნებას აშშ-თან, დასავლეთის სხვა ქვეყნებთან და ასევე ჩინეთთან.

მან ასევე ისაუბრა აზერბაიჯანთან თანამშრომლობის განვითარებაზე და ყურადღება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე გააკეთა. ამასთან, ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის ტერიტორიაზე მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო მაგისტრალი აშენდება, რომელიც ბაქომდე მივა.

„ლონდონიდან წამოსული მატარებელი ჩვენი ქვეყნის გავლით პეკინამდე ჩასვლას შეძლებს. რა თქმა უნდა ჩვენ ამ ყველაფრის რეალიზაციას აზერბაიჯანთან ერთად მოვახდენთ“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება.