რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთის ძალებმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ცოლი, და და სიძე დააკავეს
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ გარდაცვლილი ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ცოლი, და და სიძე დააკავეს. ერდოღანის განცხადებით, ალ-ბაღდადის ოჯახის წევრები სირიის ტერიტორიაზე დააკავეს. ინფორმაციას გამოცემა „ჰურიეთ დეილი ნიუსი“ ავრცელებს.
„ამას დღეს პირველად ვაცხადებ. ჩვენ დავაკავეთ მისი ცოლი, თუმცა, აშშ-ის მსგავსად, აურზაური არ აგვიტეხია. ანალოგიურად, ჩვენ დავაკავეთ მისი დაც და სიძეც სირიაში. ამას დღეს პირველად ვამბობ. ჩვენ ისინი სირიის ტერიტორიაზე დავაკავეთ. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ“, – განაცხადა ერდოღანმა.
4 ნოემბერს თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა ალ-ბაღდადის უფროსი და, მისი ქმარი, რძალი და ხუთი შვილი დააკავეს.
ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ყოფილი ლიდერის დაღუპვის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა 27 ოქტომბერს განაცხადა. აბუ ბაქრ ალ-ბაღდადმა სირიის იდლიბის პროვინციაში აშშ-ის სპეცოპერაციის დროს თავი აიფეთქა.