რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ შვედეთი თურქეთს 73 ტერორისტის ექსტრადირებას დაჰპირდა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ შვედეთი თურქეთს 73 ტერორისტის ექსტრადირებას დაჰპირდა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, შვედეთი თურქეთს 73 ტერორისტის ექსტრადირებას დაჰპირდა. ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა ნატო-ს მადრიდის სამიტის დასრულების შემდეგ გამართული პრესკონფერენციის დროს გააკეთა.

მისივე თქმით, თურქეთს ჯერ კიდევ შეუძლია შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების დაბლოკვა, თუ ეს ორი ქვეყანა ანკარასთან გაფორმებულ მემორანდუმში გაწერილ პუნქტებს არ შეასრულებს.

„ცხადია, ეს მემორანდუმი არის მხოლოდ დასაწყისი, მთავარი არის დადებული პირობის შესრულება. შემდეგ პერიოდში ჩვენ ზედმიწევნით დავაკვირდებით მემორანდუმში ჩაწერილი საკითხების შესრულებას და შესაბამისად გადავდგამთ ჩვენს ნაბიჯებს“, – განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა, შვედეთმა და ფინეთმა სამმხრივი მემორანდუმი 29 ივნისს გააფორმეს. დოკუმენტში გაწერილია ის პირობები, რომელთა შესრულების სანაცვლოდაც თურქეთმა ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. ამ პირობებს შორის არის ამ ორი ქვეყნის მიერ თურქეთისთვის დაწესებული იარაღის ემბარგოს მოხსნა, ქურთ მუშათა პარტიის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარება, ასევე სირიაში მოქმედი სხვადასხვა ქურთული გაერთიანებების, ერდოღანის ოპონენტი მქადაგებლის, ფეტჰულა გიულენის ორგანიზაციის მხარდაჭერის შეწყვეტა და ტერორიზმში ეჭვმიტანილი ქურთების ექსტრადირება.