რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის შავი ყუთი ნაპოვნია
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის შავი ყუთი ნაპოვნია

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის შავი ყუთი ნაპოვნია.

ამის შესახებ ერდოღანმა მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, დაწყებულია გამოძიება. მან ასევე აღნიშნა, რომ ავიაკატასტროფის შედეგად 20 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

როგორც ერდოღანმა განაცხადა, თვითმფრინავის ჩამოვარდნისთანავე დამყარდა კონტაქტი შესაბამის უწყებებთან და ოპერატიულად დაიწყო სამძებრო-სამაშველო ოპერაცია და ამ დროისთვის აღმოჩენილია 19 ცხედარი, გრძელდება კიდევ ერთი ცხედრის ძებნა.

ერდოღანმა საზოგადოებას მოუწოდა, ყურადღებით იყვნენ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით და არ ენდონ მათ, ვინც ცდილობენ, მსგავსი ინციდენტი სოციალურ ქსელებში „ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ“. მან კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს.

„გუშინ ღამით უზრუნველვყავით ჩვენი 46-კაციანი საგამოძიებო ჯგუფის ჩასვლა შემთხვევის ადგილზე. ჩვენი თვითმფრინავის შავი ყუთი ნაპოვნია და გამოძიება დაწყებულია. ვიპოვეთ ჩვენი 19 მოწამის ცხედარი. ბოლო ცხედრის ძებნა გრძელდება“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესში მაქსიმალურ დახმარებას და თანამშრომლობას უზრუნველყოფს.

„ამ ტრაგიკულ ინციდენტს ყველა პერსპექტივიდან ვიძიებთ. საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესში მაქსიმალურ დახმარებას და თანამშრომლობას უზრუნველყოფს. ჩვენი აზერბაიჯანელი ძმებიც ასევე უზრუნველყოფენ ყველა საჭირო მხარდაჭერასა და წვლილს“, – განაცხადა ერდოღანმა.

ცნობისთვის, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.