რეჯეფ ტაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ იდლიბში სამხედრო ოპერაციის დაწყება მხოლოდ დროის საკითხია
რეჯეფ ტაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ იდლიბში სამხედრო ოპერაციის დაწყება მხოლოდ დროის საკითხია

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ იდლიბში სამხედრო ოპერაციის დაწყება მხოლოდ დროის საკითხია.

„იდლიბის ოპერაცია მხოლოდ დროის საკითხია. სირიის რეჟიმმა და მისმა მხარდამჭერებმა ჯერ ვერ გააცნობიერეს ჩვენი ქვეყნის სიმტკიცე და ის, რომ ჩვენ არ მივატოვებთ იდლიბს“, – განაცხადა ერდოღანმა.

მმართველი პარტიის წინაშე სიტყვით გამოსვლისას თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებმა ჯერ შედეგი ვერ გამოიღო. ერდოღანმა სირიის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ მას იდლიბში საომარი მოქმედებების დასასრულებლად რამდენიმე დღე დარჩა.

„ბოლო დღეები დარჩა, რომ სირიის რეჟიმმა შეწყვიტოს იდლიბში საომარი მოქმედებები. ჩვენ ბოლო გაფრთხილებებს ვაკეთებთ. სამწუხაროდ, ჯერ არ მიგვიღწევია სასურველი შედეგებისთვის მოლაპარაკებებში, არც ჩვენს ქვეყანაში, არც რუსეთში და არც ადგილზე“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მოლაპარაკებები გაგრძელდება, თუმცა თურქეთის მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე ჯერ შორია. როგორც ერდოღანმა აღნიშნა, თურქეთი მზად არის, ოპერაციის საკუთარი გეგმა განახორციელოს.

იდლიბის პროვინციაში ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც სირიის სახელისუფლო ძალებმა თურქი სამხედროების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დატოვე კომენტარი