რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ აშშ-ის ძალები სირიის ტერიტორიაზე ქურთულ შენაერთებს იცავენ, რომლებსაც თურქეთი ტერორისტებად განიხილავს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ აშშ-ის ძალები სირიის ტერიტორიაზე ქურთულ შენაერთებს იცავენ, რომლებსაც თურქეთი ტერორისტებად განიხილავს

თურქეთის შეიარაღებული ძალები სირიის ტერიტორიაზე შევიდნენ, რათა ამერიკელ კოლეგებთან ერთად, ქურთების მიერ კონტროლირებადი რეგიონის გასწვრივ ერთობლივი პატრულირება დაიწყონ.

პატრულირების პირველივე დღის შემდეგ, უკმაყოფილებას გამოთქვამს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომლის თქმითაც, თურქეთი არ იზიარებს ვაშინგტონის მიზნებს და აღნიშნულ ზონაში ტერორისტული ორგანიზაციების დაცვის წინააღმდეგია.

ტერორისტულ ორგანიზაციად თურქეთი ქურთულ შენაერთებს განიხილავს, რომელსაც მხარდაჭერას აშშ-ი უცხადებს.

„ჩვენ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ აშშ-ისთან უსაფრთხო ზონაზე, თუმცა რასაც ყოველ ნაბიჯზე ვხედავთ, ის არის, რომ რაც ჩვენ გვსურს და რასაც ისინი ფიქრობენ, ერთი და იგივე არ არის. როგორც ჩანს, ჩვენი მოკავშირეები უსაფრთხო ზონას ტერორისტული ორგანიზაციისთვის ეძებენ და არა ჩვენთვის. ჩვენ უარვყოფთ ასეთ მიდგომას“, – აცხადებს რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

პატრულირებით უკმაყოფილოა სირიის ხელისუფლებაც, რომელიც თურქეთისა და აშშ-ის ერთობლივ პატრულირებას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევად აფასებს. ეროვნული თავდაცვის ქურთულ შენაერთებს კი სეპარატისტულ მიზნებში სდებს ბრალს. თავის მხრივ, აღნიშნული შენაერთები ერთობლივ პატრულირებას სტაბილურობის აუცილებელ ერთგვარ საგზაო რუკად განიხილავენ.