თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდღოღანმა ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარი გამართა. თურქული მედიის ინფორმაციით, საუბრისას მხარეებმა განიხილეს უკრაინის პოზიცია ნატო-ში, შვედეთის ალიანსში გაწევრიანება, თურქეთისთვის F-16-ების მიწოდება და თურქეთის ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის პროცესთან დაკავშირებული საკითხები.
ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ვილნიუსში პირისპირ შეხვედრისას დეტალურად განიხილავენ თურქეთ-აშშ-ის ორმხრივ ურთიერთობებსა და რეგიონულ საკითხებს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთმა სწორი მიმართულებით გადადგა გარკვეული ნაბიჯები ანტიტერორისტულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანით, მაგრამ კონკრეტული ტერორისტული ორგანიზაციების მომხრეები თავისუფლად განაგრძობენ ტერორიზმის მხარდამჭერი დემონსტრაციების ჩატარებას, ეს კი, ერდოღანის თქმით, უსაფუძვლოს ხდის ქვეყნის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს.
ამასთან, ერდოღანის თქმით, თურქეთი პრინციპული და ერთგულია ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ერდოღანი სურვილს გამოთქვამს, რომ ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირის წამყვან ქვეყნებსა და ევროკავშირის ხელმძღვანელობას ექნებათ მკაფიო გზავნილები თურქეთის გაწევრიანების მხარდაჭერასთან დაკავშირებით.