რეგულირების სააგენტო გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულების 26-29 ოქტომბრის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს
რეგულირების სააგენტო გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულების 26-29 ოქტომბრის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

რეგულირების სააგენტო გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულების 26-29 ოქტომბრის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.

როგორც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში სანებართვო და მაღალი რისკის სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პირობების დაცვის მონიტორინგი განხორციელდა.

„გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულება წარმოადგენს C შერეული ტიპის დაწესებულებას. ფლობს სტაციონარული დაწესებულების ნებართვას და ნებართვის დანართებს შემდეგ მიმართულებებში: ინფექციური დაავადებების მკურნალობა, ონკოლოგია, ოფთალმოლოგია, ქირურგიული პროფილის საქმიანობა, რეანიმაცია, ფთიზიატრია, ფსიქიატრია, რადიოლოგიური საქმიანობა – რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა, ლაბორატორიული საქმიანობა – კლინიკური დიაგნოსტიკა, ბიოქიმიური დიაგნოსტიკა, იმუნოლოგიური და სეროლოგიური დიაგნოსტიკა.

დაწესებულება ამ ეტაპზე არ ახორციელებს საქმიანობას ფთიზიატრიასა და ონკოლოგიაში.

N18 სამკურნალო დაწესებულება ასევე ახორციელებს ამბულატორიულ მომსახურებას ენდოსკოპიური, სტომატოლოგიური და დერმატო-ვენეროლოგიური მიმართულებით.

სააგენტოს  თანამშრომლებმა შეისწავლეს გლდანის N18 დაწესებულების როგორც სანებართვო პირობებთან შესაბამისობა, ასევე ინფრასტრუქტურული და სამედიცინო პერსონალის ნაწილი.

შესწავლისას გამოიკვეთა, რომ დაწესებულებას აქვს ორი საოპერაციო დარბაზი და რეანიმაციული განყოფილება ორ სარეანიმაციო საწოლზე. დაწესებულებას აქვს ორი პორტატული რენტგენო-დიაგნოსტიკური დანადგარი. ფუნქციონირებს ლიფტი მწოლიარე პაციენტებისათვის. უზრუნველყოფილია უწყვეტი წყალმომარაგება და ელექტრომომარაგება. დაწესებულების შემოწმების დროს მიმდინარეობდა მზადება კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატურის ინსტალაციისთვის.

დაწესებულებაში დასაქმებულია 41 ექიმი, მათ შორის: სამი ზოგადი ქირურგი, ოთხი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, სამი ინფექციონისტი, ორი ფსიქიატრი, ექვსი  ექიმი ლაბორანტი, ერთი სტომატოლოგი, შვიდი შინაგანი მედიცინის სპეციალისტი, დერმატო-ვენეროლოგი, ფთიზიატრი, ორი რადიოლოგი, კრიტიკული მედიცინის სპეციალისტი. მათ შორის, ექიმი-კონსულტანტები: კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი,  ოფთალმოლოგი, ნევროლოგი, ოტორინოლარინგოლოგი,  უროლოგი, ალერგოლოგი, მეან-გინეკოლოგი, ნარკოლოგი. ლაბორატორია აღჭურვილია კანონმდებლობის შესაბამისად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.