რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა
რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. დღეს მაყურებლის წინაშე ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი დავით ხორბალაძის პიესით „მკვდარი ქალაქებით“ წარსდგა. სპექტაკლის რეჟისორი და მხატვარი მიხეილ ჩარკვიანია. ფესტივალის დახურვა ღია ცის ქვეშ, ჰიდრომელიორაციული ტექნიკური სასწავლებლის შენობაში შედგა.

„2018 წლის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. დღეს ბოლო აკორდია და ჩვენ ავირჩიეთ ისევ ჩვენი მასპინძელი ფოთის თეატრი, რომელიც წელს შენობის გარეშე დარჩა. გვინდა, რომ ფესტივალი წელს გვერდით დაუდგეს ამ არაჩვეულებრივ თეატრს. ისევე როგორც ის გვიჭერდა მხარს ოთხი წლის განმავლობაში თავის დასთან, მსახიობებთან და ტექნიკურ პერსონალთან ერთად.

წელს გვეშინოდა, რომ შენობის არქონის გამო, ვერ ჩავატარებდით ფესტივალს, მაგრამ მივიღეთ გადაწყვეტილება, აგვეთვისებინა სხვადასხვა ლოკაცია, ის ადგილები, რომლებიც ჩვენ ძალიან გვიყვარს ფოთში. ამიტომ, მთელ ქალაქში გავიშალეთ“,- აცხადებს ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნინელი ჭანკვეტაძე.

ფოთის თეატრის ავარიული მდგომარეობის გამო, წარმოდგენები ალტერნატიულ სივრცეებში ჩატარდა. ფესტივალის ფარგლებში შედგა მასტერკლასები თეატრის ცნობილი პედაგოგების მონაწილეობით.