რეგიონული პოლიტიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების პროექტს მხარი დაუჭირეს
პარლამენტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.
მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი დღეს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ასევე ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების სხდომებზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 2018 წელს მიიღეს, მისი ძირითადი ნაწილი კი 2019 წელს შევიდა ძალაში. კოდექსის შესაბამისად, საქართველოს მუნიციპალიტეტებს განესაზღვრათ თავიანთი უფლებამოსილება სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების პროცესში. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ, მიუხედავად კოდექსის 141-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული დავალებისა (ყველა მუნიციპალიტეტმა 2028 წლის პირველ იანვრამდე უზრუნველყოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავება), არსებული მდგომარეობით, ქვეყნის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი (80%-ზე მეტი) არ არის დაფარული სივრცის დაგეგმარების გეგმებით.
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მათი რესურსები (როგორც ფინანსური, ისე ადამიანური) არ იძლევა საშუალებას, სრულყოფილად უზრუნველყონ შესაბამისი მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავება. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, 2019 წლიდან დღემდე არსებული მიმდინარე დინამიკის გათვალისწინებით, პრაქტიკულად, გამორიცხულია 2028 წლის პირველ იანვრამდე აღნიშნული საკანონმდებლო დავალების მუნიციპალიტეტების მხრიდან სრულყოფილად შესრულება. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, 141-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ვადა, 2028 წლის პირველი იანვარი, გადაწეულ იქნეს გონივრული პერიოდით – 2035 წლის 31 დეკემბრამდე. ამასთან, მიზანშეწონილია, ამავე ვადით შენარჩუნდეს მუნიციპალიტეტებისთვის სააგენტოსგან დახმარების, როგორც ფინანსური, ისე ადამიანური რესურსის მობილიზებით მიღების შესაძლებლობა. შესაბამისად, ასევე მიზანშეწონილია კოდექსის 141-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ვადაც, 2028 წლის პირველი იანვარი, გადაწეულ იქნეს და გათანაბრდეს მუნიციპალიტეტებისთვის მოცემულ საერთო ვადასთან (2035 წლის 31 დეკემბერი).
კანონპროექტი ორივე კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ წარადგინა.
„მნიშვნელოვანი ცვლილებები არის წარმოდგენილი. პირველ რიგში, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ დღეს მოქმედი კოდექსით ამ ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებას არ ჰყავს დარგში პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანო, როცა სხვა მიმართულებებს, ყველას ჰყავს შესაბამისი სამინისტროები. ამიტომ, მთავრობის ინიციატივით, შემოთავაზებულია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აღნიშნულ დარგში იყოს პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანო. ეს ისედაც ასე იყო, უბრალოდ კანონში ამაზე მითითება არ არსებობდა. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ქოლგის ქვეშ არის შესაბამისი სააგენტო, რომელიც ამუშავებს ამ გეგმებს და მუშაობს ქვეყნის სივრცითი მიმართულების განვითარებაზე. მოგეხსენებათ, კოდექსი 2019 წელს იქნა მიღებული. 2019 წლის რედაქციამ, ფაქტობრივად, განსაზღვრა, რომ მუნიციპალიტეტებს დაევალათ, 2028 წლამდე განახორციელონ სივრცითი გეგმების შემუშავება – ყველა მუნიციპალიტეტს თავის ტერიტორიულ ერთეულებში. იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ რთული, შრომატევადია ეს საქმიანობა, აღნიშნული მითითება 2028 წელთან დაკავშირებით გადავადდა.
2035 წელი არის შემოთავაზებული. შესაბამისად, ავტომატურად გადაიწევს მთავრობის დახმარება მუნიციპალიტეტებისადმი. თვითონ მუნიციპალიტეტის ინიციატივით და მთავრობის გადაწყვეტილებით, მათთვის სივრცითი გეგმების შემუშავების მუხლი გადაიწევს 2035 წლამდე და სივრცითი განვითარების სააგენტო გააგრძელებს მუნიციპალიტეტების დახმარებას ამ გეგმების შემუშავების კუთხით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2026 წლის პირველი თებერვლიდან ყველა მუნიციპალიტეტი ვალდებული იქნება, მართვის ელექტრონული სისტემები გამოიყენოს და გასცეს ნებართვები ისე, როგორც თბილისშია და კარგად არის აწყობილი. მოქმედი კანონმდებლობა ამას ითვალისწინებდა, მაგრამ ნებაყოფლობითი ხასიათი ჰქონდა და ზოგიერთი მუნიციპალიტეტი მაინც თავს იკავებდა, გადასულიყო ელექტრონულ პროგრამაზე.
შემდეგი მნიშვნელოვანი ცვლილება, რასაც აღნიშნული კანონი ითვალისწინებს, არის დროებითი თემატური გეგმების შემოღება. სივრცითი სააგენტო შევა კონკრეტულ ტერიტორიულ ერთეულში, მუნიციპალიტეტის თხოვნით, მასთან კონსულტაციის შედეგად და ზოგად თემატურ გეგმებს დაადგენს. რას ნიშნავს ეს თემატური გეგმა? თვითონ გენგეგმა იმდენად რთული კონსტრუქციაა და იმდენ დროს მოითხოვს, რომ დეტალები იქნეს გაწერილი, რომ არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა, კოდექსში მითითებული ექვსთვიანი ვადა გენგეგმის შემუშავებისთვის საკმარისი არ არის. აქედან გამომდინარე, იქნება ზოგადი ჩარჩო გეგმა, თემატური გეგმები“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილემ, ნინო ენუქიძემ.