რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ უწყების 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა საქართველოს რეგიონების ინფრასტრუქტურული განვითარებისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისათვის მომდევნო 10 წლის განმავლობაში 31 მილიარდ ლარზე მეტის ინვესტირებას მოახდენს.
„შედეგად: 2030 წლისთვის დასრულებული იქნება ყველა მაგისტრალური გზის მშენებლობა; წითელი ხიდიდან სარფამდე მგზავრობის დრო განახევრდება და ნაცვლად 8 საათისა 4 – 4.5 საათი იქნება; 2025 წლისთვის ყველა ქალაქში იქნება 24 საათიანი სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგება; 2030 წლისთვის მთელი ქვეყნის მოსახლეობას ექნება სრული ხელმისაწვდომობა სტანდარტების შესაბამის წყალმომარაგებაზე; 2025 წლისთვის აშენებული იქნება მყარი ნარჩენების მართვის ოთხი რეგიონული თანამედროვე ცენტრი, ხოლო 2030 წლისთვის 6-ვე რეგიონული ცენტრი იქნება დასრულებული, რომელის ეტაპობრივად ჩაანაცვლებს 54 ძველ მუნიციპალურ ნაგავსაყრელს; სოციალურად და ეკონომიკურად განვითარდება რეგიონები; გაძლიერდება მუნიციპალიტეტები და გაიზრდება მათი შესაძლებლობები; არაიგვიანეს 2025 წლის ბოლოსთვის თვითმმართველობების შემოსულობები მშპ-ის არანაკლებ 7% იქნება“, – აცხადებენ უწყებაში.
სამინისტროს ცნობით, მხოლოდ 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად 70 კმ მაგისტრალური გზა გაიხსნა, რის შედეგადაც თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო უკვე ერთი საათით შემცირდა და ხუთი საათის ნაცვლად, ბათუმამდე ჩასვლა უკვე ოთხი საათშია შესაძლებელი. დღეისათვის ქვეყანაში უკვე აშენებულია 219 კმ მაგისტრალური გზა. ამჟამად სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობს 118 კმ მაგისტრალზე.
„2025 წლისთვის მაგისტრალური გზის ყველა ძირითად მონაკვეთის მშენებლობა იქნება დასრულებული, 2030 წლისთვის კი, სულ დასრულებული იქნება 760 კმ მაგისტრალური გზა.
2030 წლისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის გზების 97%, ხოლო შიდასახელმწიფოებრივი გზების 93% მოწესრიგებული იქნება.
ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები რიკოთის გზის პროექტზე. ამჟამად ერთდროულად შენდება 96 ხიდიდან 71 ხიდი, 53 გვირაბიდან კი – 47 გვირაბი, საიდანაც 8 გვირაბი უკვე გაჭრილია.
უკვე სექტემბერში გაიხსნება ახალი გზის 2.5 კმ-იან მონაკვეთს, რომელიც 6 ხიდისა და 4 გვირაბისაგან შედგება, ხოლო სრულად რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა ეტაპობრივად, 2021-2024 წლებში დასრულდება. შესაბამისად, ამ დროისათვის თბილისიდან ბათუმში მგზავრობას უკვე 3 – 3.5 საათი დასჭირდება.
დაიწყო ქვეშეთი-კობის ისტორიული პროექტი, რომელიც, გარდა იმისა, რომ უნიკალურია სამშენებლო-საინჟინრო თვალსაზრისით, იქნება კომპლექსური პასუხი ამ რეგიონში გზასთან მიმართებაში არსებულ ყველა გამოწვევაზე. პროექტის დასრულების შემდეგ, ჯვრის უღელტეხილი კლიმატური პირობების გამო აღარ ჩაიკეტება. 10 სოფლის ადგილობრივ მოსახლეობას, წლის ნებისმიერ დროს ექნება სრული წვდომა განათლების, სამედიცინო და სხვა სერვისებზე. 9 კმ სიგრძის, 15 მ დიამეტრის საავტომობილო გვირაბი კლდოვან ქანებში მსოფლიო მასშტაბით უნიკალური იქნება. გვირაბის გასაყვანად სპეციალურად დამზადდა შესაბამისი საბურღი მანქანა და აგვისტოში უკვე ბურღვის სამუშაოები დაიწყება.
ქვეშეთი-კობის პროექტის ეფექტი: ქვეშეთიდან კობამდე – ნაცვლად ერთ საათისა დას ჭირდება 15 წუთი; სადახლო – ლარსი – ორი სთ-ით შემცირდება და 2.30 სთ დასჭირდება; თბილისიდან გუდაურამდე – მინიმუმ 30 წუთით შემცირდება და 1.10 სთ დასჭირდება; თბილისიდან ყაზბეგამდე – 1 სთ-ით შემცირდება და 1.30 სთ დასჭირდება; უკვე გაიხსნა გურჯაანის შემოვლითი 15 კმ იანი გზა; უკვე გამოცხადდა ტენდერი ბაკურციხე-წნორის 16 კმ-იანი შემოვლითი გზის მშენებლობაზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ტენდერი უკვე გამოცხადდა კახეთის ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაზეც. ამ ეტაპზე კახეთის 85 კმ-იანი ავტობანიდან ტენდერი გამოცხადდა თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იან მონაკვეთზე, სადაც აშენდება 4 ზოლიანი ცემენტო-ბეტონის ჩქაროსნული გზა. მაგისტრალის საშუალებით, თბილისიდან თელავამდე მგზავრობას მხოლოდ 1.20 სთ დასჭირდება (გომრობორის მიმართულებაზე 10 წუთით ნაკლები). ჯამში, მხოლოდ კახეთის მიმართულების განვითარებას ორი მილიარდი ლარი მოხმარდება.
წელს დასრულდება საჩხერე-ონის დამაკავშირებელი 51 კმ-იანი გზა, რომელიც მინიმუმ 1.5 სთ-ით ამცირებს გადაადგილების დროს და 5 საათის ნაცვლად მგზავრობისათვის 3.5 საათი იქნება საჭირო. ასევე, ახალი გზით დაუკავშირდება ერთმანეთს ლენტეხი და მესტია; ასევე, ხულო-ზარზმის გზა იქნება ახალი კავშირი სამცხე ჯავახეთისა აჭარასთან, რეაბილიტირდება და აშენდება სულ 47 კმ გზა, რაც არამარტო ორ რეგიონს დააკავშირებს, არამედ მათ უზარმაზარ პოტენციალს განავითარებს. თუ 2012 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას 377 მლნ ლარი მოხმარდა, უკვე წელს 1 მილიარდ 531 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც 2.5-ჯერ გაზრდილ ინვესტიციას გულისხმობს და 10 წლიან გეგმაში, 31 მილიარდიდან 17 მილიარდი მხოლო ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება“, – აცხადებენ სამინისტროში.
წყალმომარაგების კუთხით, 2020 წელს ოთხი დიდი ქალაქი – ქუთაისი, ზუგდიდი, ჭიათურა და წნორი, პირველად მათი არსებობის ისტორიაში, გადავიყვანეთ 24-საათიან წყალმომარაგებაზე.
„წელს, გაზაფხულზე ხელი მოეწერა ხაშურის სრული წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მშენებლობას 260 მილიონი ლარის ღირებულების პროექტს.
360 000 ადამიანს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება 150 დასახლებაში (26 ქალაქი, 105 სოფელი, 3 დაბა, 16 კურორტი) 200 000 საერთოდ არასდროს ჰქონია (თელავის, დედოფლისწყაროს, ზესტაფონის, ცხვარიჭამიას, ბულაჩაურის, ტყიბულის, ვალეს, მანგლისის და სხვა).
წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოებზე პროექტირება იწყება შემდეგ დასახლებებში: ოზურგეთი, სენაკი, ბოლნისი, ხონი, ნინოწმინდა, ასევე – ინგირი, ცაიში, წაღვერი, ნუკრიანი, ცხვარიჭამია, ცხემლისხიდი, დვაბზუ, თეზამი, კევლიანი და სხვა.
2025 წლისთვის ყველა ქალაქს ექნება 24 საათიანი წყალი (სამტრედია, გორი, აბაშა, გურჯაანი, ვანი, ონი, ლანჩხუთი, ფოთი, ახმეტა, ყვარელი, მარნეული, დმანისი, დუშეთი, ამბროლაური, წყალტუბო, ლაგოდეხი, წალკა და სხვა).
2030 წელს ქვეყნის 100%-იან დაფარვას შევძლებთ.
წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების განვითარებას, მომდევნო 10 წელიწადში 9 მილიარდი ლარი მოხმარდება. მაშინ, როდესაც 2012 წელს სექტორის დაფინანსება მხოლოდ 34 მილიონი ლარი იყო, უკვე 2021 წელს – 348 მილიონი ლარია“, – აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, გაგრძელდება ძველი მუნიციპალური ნაგავსაყრელების დახურვა. 54 მუნიციპალური ნაგავსაყრელიდან უკვე დახურულია 24 ნაგავსაყრელი, 30-ს ჩაუტარდა რეაბილიტაცია.
„2025 წლისთვის დასრულდება ოთხი ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა ქუთაისში, ქვემო ქართლში, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. 2030 წლისთვის კი, დახურული იქნება ყველა ძველი ნაგავსაყრელი და აშენებული იქნება სულ, ექვსი ახალი რეგიონული ცენტრი. ამ მიმართულების დაფინანსება ზუსტად 5-ჯერ არის გაზრდილი და მომდევნო 10 წლის განმავლობაში, 613 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.
გაგრძელდება კრიტიკული და საბაზისო ინფრასტრუქტურის განვითარებაა რეგიონებში. 2019 წლიდან დღემდე, მხოლოდ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, დაასრულა 41 სკოლის მშენებლობა 10000-მდე ბავშვისთვის. 2022 წლისთვის, სულ 65 ახალი სკოლა იქნება აშენებული. დაიწყო და გაგრძელდება 100-ზე მეტი სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, რასაც მალე დაემატება კიდევ 60 სკოლის რეაბილიტაცია. შენდება 31 საბავშვო ბაღი, საიდანაც 29 ბაღის მშენებლობა უკვე დასრულდა. წელს დაიწყო ოთხი დიდ ქალაქში – ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ახალციხეში – თანამედროვე სპორტკომპლექსების მშენებლობა და ეს პროცესი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული „განახლებული რეგიონების“ ახალი პროგრამის ფარგლებში შერჩეულ პროექტებზე, ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში უკვე დაიწყო სამობილიზაციო-სამშენებლო სამუშაოები.
ამ პროგრამის მნიშვნელობა იმაშიც არის, რომ 63 მუნიციპალიტეტში ერთდროულად, უშუალოდ მუნიციპალიტეტების საჭიროებებზე დაყრდნობით და მათგან მიღებული ინიციატივებით განხორციელდება ყველა ურბანული განახლების პროექტი.
ქვეყანაში თანაბარი ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სოციალური, ეკოლოგიური და კულტურული განვითარების წინაპირობების შესაქმნელად, მნიშვნელოვანია ქვეყნის დასახლებები განვითარდეს მოწესრიგებულად. ამჟამად შემუშავებულ 73 სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების დოკუმენტს დაემატება ბათუმის, ციხისჯვარის, ხადას ხეობის და ქვეყნის სხვა ტერიტორიების სივრცის მოწყობის დოკუმენტები.
დეცენტრალიზაცია და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ადგილობრივი ხელისუფლების სისტემის დამკვიდრება არის ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანესი ფორმატი, რომელიც აუცილებელია, როგორც ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის, ისე მისი ევროპული წევრიბისთვის. დღგ-ს განაწილების რეფორმის პირველივე წელს მუნიციპალიტეტებმა მიიღეს 100 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი. მთავრობა შეასრულებს აღებულ ვალდებულებას და 2025 წლისთვის მუნიციპალიტეტების შემოსულობები გახდება მშპ-ს არანაკლებ 7%, რაც დღევანდელ პირობებში ნიშნავს დამატებით ერთი მილიარდ ლარზე მეტი რესურსის მიმართვას მუნიციპალიტეტების შემოსავლებში.
შემუშავებულია საპილოტე პროგრამა ოთხი რეგიონისათვის (გურია, რაჭა-ლეჩხუმი, იმერეთი, კახეთი). თუმცა, უკვე დაწყებულია მუშაობა დოკუმენტზე, რომელიც მთელ ქვეყანას მოიცავს. დაწყებულია სმარტ-სპეციალიზაციის პროექტის პროგრამა იმერეთის რეგიონში და მის საფუძლეზეც დადგინდება რეგიონის ის შედარებითი და აბსოლუტური უპირატესობები, რომელთა განვითარება და გამოყენება იქნება რეგიონისათვის ყველაზე დიდი სარგებლის მომტანი“, – აცხადებენ სამინისტროში.