„რეფორმების ჯგუფი“ კომუნიკაციების კომისიას მოუწოდებს, რუსულ პროპაგანდისტულ არხებს მაუწყებლობა შეუწყვიტოს
„რეფორმების ჯგუფი“ კომუნიკაციების კომისიას მოუწოდებს, რუსულ პროპაგანდისტულ არხებს მაუწყებლობა შეუწყვიტოს

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები „რესპუბლიკელები“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, „რეფორმების ჯგუფის“ სახელით, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართავენ, რომ წინ აღუდგეს საქართველოში რუსულ დეზინფორმაციას უკრაინაში ომთან დაკავშირებით და შეუწყვიტოს რუსულ პროპაგანდისტულ არხებს მაუწყებლობა.

როგორც „რეფორმების ჯგუფის“ წარმომადგენლებმა ბრიფინგზე აღნიშნეს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის და პუტინის იმპერიალისტული იდეოლოგიის, მისი პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი რუსული საინფორმაციო ომის მანქანაა. მათივე თქმით, პარტნიორ ქვეყანაში ომის პირობებში, როცა ეს პირდაპირ უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოებას და რეგიონში მშვიდობას, დღის წესრიგში კიდევ ერთხელ და მწვავედ დადგა საქართველოში მაუწყებლობის მქონე რუსული სახელმწიფო არხების ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო მუშაობა, რომლებიც „რეფორმების ჯგუფის“ განცხადებით, ფართო აუდიტორიაზე ზემოქმედებენ და ამით ხელსაყრელ გარემოს უქმნიან რუსეთს საქართველოში საზოგადოებრივ აზრზე შეტევის გასააძლიერებლად.

მათივე თქმით, არსებული გამოწვევებისა და საინფორმაციო ომის საფრთხის გათვალისწინებით, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის და ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის საფუძველზე, უკრაინის წინააღმდეგ ომის ფონზე ისინი საქართველოს მარეგულირებელ კომისიას მოწუოდებენ, შეუწვიტოს მაუწყებლობა ყველა პროპაგანდისტულ რუსულ მედიასაშუალებას.

„გამომდინარე იქედან, რომ რუსეთი არ ახორციელებს მხოლოდ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, არამედ ის იბრძვის ასევე საინფორმაციო ომის ელემენტების გამოყენებით, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მეშვეობით უპირისპირდება არა მხოლოდ უკრაინას, მათ შორის, საქართველოს სუვერენიტეტს და თავისუფლებას, გამოვდივართ შემდეგი ინიციატივით და მივმართავთ მარეგულირებელ კომისიას, რომ შეეზღუდოს საქართველოში წვდომა პრორუსულ პროპაგანდისტულ არხებს. ეს ეხება არამხოლოდ რუსულ არხებს არამედ პრორუსულ არხებს. ეს არის „რაშა თუდეი“, „სპუტნიკი“, „ალ-ტინფო“, – განაცხადა „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ.