რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე 63 988 მომხმარებელს საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება
რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე 63 988 მომხმარებელს საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება

არასამთავრობო ორგანიზაციამ „საზოგადოება და ბანკებმა” ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2018 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 63 988 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი- 7% დარჩა და მსესხებლებს პროცენტი არ შეეცვლებათ. დღეისთვის ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 3,005 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

„პირველი სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 2 391-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი 2706 მილიონიდან 3005 მილიონ ლარამდე.
63 988 ხელშეკრულებიდან 19 035 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 334 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა პირველი ოქტომბრის მდგომარეობთ 16% შეადგინა.

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე პირველი ოქტომბრის მონაცემებით, 23 186 სესხია მიბმული, საშუალოდ 11.80%-ში. მთლიანი პორტფელი კი, 902.1 მილიონი ლარია.

18 163 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 1543,24 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 535,6 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 14.6%-ში. ხოლო მსხვილ ბიზნესზე კი, პირველი ოქტომბრის მონაცემებით, 1007,7 მილიონი ლარის კრედიტი გასცეს, საშუალო შეწონილ 11.4%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ პირველი ოქტომბრის მონაცემებით, 872 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 14,718 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 16,2%-ში გაასესხეს.
ასევე გაცემულია 2 523 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომლის კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 52.7 მილიონი ლარია.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები პირველი სექტემბრის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 24.50%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნესსესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 1353,2 მილიონი ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები საშუალოდ, 11.8%-დან 12.2%-მდე გაიზარდა.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, დაბალი ინფლაციისა და სტაბილური გაცვლითი კურსის პირობებში, მომავალ პერიოდში რეფინანსირების განაკვეთის მკვეთრ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ. ვფიქრობთ, რომ სესხებზე არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მომდევნო პერიოდში რეგულატორმა შეინარჩუნოს რეფინანსირების განაკვეთის მიმდინარე მაჩვენებელი, რაც ხელს შეუწყობს ლარის რესურსზე ხელმისაწვდომობას”- განმარტავენ ორგანიზაციაში.