რეფატ ჩუბაროვი - საერთაშორისო საზოგადოებას არც 2008 წელს და არც შემდგომ სერიოზული დასკვნები არ გამოუტანია
რეფატ ჩუბაროვი - საერთაშორისო საზოგადოებას არც 2008 წელს და არც შემდგომ სერიოზული დასკვნები არ გამოუტანია

საერთაშორისო საზოგადოებას არც 2008 წელს და არც შემდგომ, სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე რუსეთის ღია ინტერვენციის ფაქტიდან სერიოზული დასკვნები არ გამოუტანია, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე უკრაინის წარმომადგენელმა, რეფატ ჩუბაროვმა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც რეზოლუციის პროექტს – „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“ მხარი დაუჭირეს.

„რუსეთ-საქართველოს ომს მრავალი თვალსაზრისით აფასებენ. თუმცა არსებობს შეფასებები, რომელიც იმდენად თვალსაჩინოა, რომ სწორედ მათ უნდა დაუთმოს განსაკუთრებული ყურადღება ეუთო-მ რეგიონში ახალი კონფლიქტების თავიდან აცილების მიზნით, ასევე უკვე მომხდარი კონფლიქტების შედეგების აღმოსაფხვრელად. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ასეთ თვალსაჩინო ასპექტებს შორის არის რუსეთის ჯარების საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე შეჭრა და ამ ჯარების მიერ თბილისის მიმართულებით მარშის მცდელობა“, – განაცხადა რეფატ ჩუბაროვმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოებას ​2008 წლის მოვლენებიდან სათანადო დასკვნები არ გამოუტანია, რასაც შემდეგ ყირიმის ანექსია მოჰყვა.

„საერთაშორისო საზოგადოებას არც მაშინ და არც შემდგომ სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე რუსეთის ღია ინტერვენციის ფაქტიდან სერიოზული დასკვნები არ გამოუტანია, დაუსჯელი დარჩა ასევე რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების ორივე პალატის მიერ რუსეთის პრეზიდენტისადმი მიმართვა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით. ამ დაუსჯელობამ წარმოქმნა ახალი დანაშაული რუსი პარლამენტარების მხრიდან, რომლის მაგალითია 2014 წელი, როდესაც მათ თავიანთი გადაწყვეტილებით რუსეთის პრეზიდენტს მისცეს თანხმობა, უკრაინაში ჯარი შეეყვანა“, – აღნიშნა რეფატ ჩუბაროვმა.

მისივე თქმით, უკრაინა და საქართველო დღეს სეპარატიზმის, ოკუპაციისა და უკანონო ანექსიის საერთო პრობლემის წინაშე დგანან.

„თუმცა ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ და რაც მთავარია, ერთად გადავწყვეტთ როგორც უკრაინის, ისე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას, რაც იქნება ეუთო-ს პრინციპებსა და ღირებულებებთან სრულ შესაბამისობაში“, – დასძინა რეფატ ჩუბაროვმა.