23 თებერვალს გუდაურში Red Bull Homerun ჩატარდა და ყველაზე სწრაფი მოთხილამურეები და სნოუბორდისტები გამოვლინდნენ.
გასართობ-ექსტრემალურ შეჯიბრში მონაწილეობა 100-ზე მეტმა ზამთრის სპორტის მოყვარულმა მიიღო, მათ შორის კი, ყველაზე სწრაფები აღმოჩნდნენ: თხილამურის კატეგორიაში: სალომე კვიციანი და ლაშა კურტანიძე, ხოლო სნოუბორდის კატეგორიაში: გუგა დვალი და სვეტლანა ბაბუშკინა. ისინი ფულადი პრიზებით, 500-500 ლარით დაჯილდოვდნენ.
გამორჩეული კოსტიუმებისთვის კი დაჯილდოვდნენ ბექა ბექიშვილი და ირინა მოიუსიკი. მათ „რედკო საქართველოსგან“ გუდაურში უფასო დასვენება გადაეცათ.
გუდაურის შეჯიბრში ქართველ ათლეტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს მოთხილამურეებმა და სნოუბორდისტებმა გერმანიიდან, შვედეთიდან, ჩინეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან, კანადიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან.
Red Bull Homerun-ის პირველი შეჯიბრი წელს უკვე გაიმართა ბაკურიანში, სადაც მონაწილეობა 70-მდე ზამთრის სპორტის მოყვარულმა მიიღო. თხილამურის კატეგორიაში ყველაზე სწრაფები აღმოჩნდნენ სუსანა გავვა და დავით თედიაშივლი, ხოლო სნოუბორდის კატეგორიაში – საბა ქუმარიტაშვილი და ეკატერინე უროევა. ბეჟანი მიქაბერიძე კი დაჯილდოვდა ყველაზე კრეატიული კოსტიუმისთვის.
Red Bull Homerun-ს უნიკალური ფორმატი აქვს: სტარტიდან 50 მეტრს მონაწილეები, საკუთარ თხილამურებამდე/სნოუბორდამდე, სირბილით გადიან. შემდეგ კი, სწრაფად ეშვებიან ფინიშისკენ, სადაც მონაწილეებსა და მათ გულშემატკივრებს დაუვიწყარი გართობა ელოდებათ.