„რეალში“ ედენ აზარის კარიერის დასრულებას გამოეხმაურნენ #1TVSPORT
„რეალში“ ედენ აზარის კარიერის დასრულებას გამოეხმაურნენ #1TVSPORT

„სამეფო კლუბის“ პრეს-სამსახური „რეალის“ ყოფილი მოთამაშის, ედენ აზარის ფეხბურთიდან წასვლას გამოეხმაურა.

„მადრიდის „რეალი“ მადლიერებას გამოხატავს ედენ აზარის მიმართ, რომელიც ჩვენს კლუბში 2019 წელს გადმოვიდა და ერთად გატარებული ოთხი სეზონის განმავლობაში რვა ტიტული მოვიპოვეთ: ერთხელ ჩემპიონთა ლიგაზე, ერთხელ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში, ერთხელ ევროპის სუპერთასზე, ორჯერ ესპანეთის ჩემპიონატში, ერთხელ ესპანეთის თასზე და ორჯერ ესპანეთის სუპერთასზე. „რეალი“ ედენ აზარს უსურვებს ყველაფერ საუკეთესოს მისი ცხოვრების ახალ ეტაპზე“.

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მოთამაშემ, 32 წლის ედენ აზარმა ფეხბურთელის კარიერის დასრულება დღეს გადაწყვიტა და გულშემატკივრებს ამ სიტყვებით დაემშვიდობა:

„16-წლიანი კარიერისა და 700-მეტი მატჩის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ფეხბურთიდან წავიდე. ამ პერიოდის განმავლობაში მე გავიცანი შესანიშნავი ადამიანები – მენეჯერები, მწვრთნელები, ფეხბურთელები. დიდი მადლობა, მსურს, გადავუხადო ჩემს ყოფილ კლუბებს – „ლილს“, „ჩელსის“, „რეალს“ და, რა თქმა უნდა, ბელგიის ეროვნულ გუნდს.

განსაკუთრებული მადლობა ჩემი ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეგობრებს, ფანებს, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში მგულშემატკივრობდნენ – მათ მხარდაჭერას ვგრძნობდი ყველა ქვეყანაში, სადაც მითამაშია. ახლა მოვიდა დრო, რომ უახლოესი ადამიანების გარემოცვით დავტკბე. ისევ შევხვდებით, მაგრამ უკვე მოედნის გარეთ“.