„რეალის“ თამაშზე ქართველი იმუშავებს
„რეალის“ თამაშზე ქართველი იმუშავებს

დღეს ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრები გაიმართება. დონეცკის „შახტარი“ კიევის ოლიმპიურ სტადიონზე მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს – საინტერესო ისაა, რომ შეხვედრის მედია-ოფიცრად მამუკა კვარაცხელია იმუშავებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების უფროსი და სფფ-ის დამფუძნებელი წლებია, უეფა-ში მუშაობს და ევროპული ფეხბურთის ორგანიზაციის მედია-ოფიცერი გახლავთ.

ჩვენს კოლეგას უეფა ტრადიციულად უკრაინასა და რუსეთში გამართულ შეხვედრებზე მიავლენს. ამჯერად კი კიევში დონეცკის „შახტარის“ გადამწყვეტ მატჩზე იმუშავებს – უკრაინელებს „რეალის“ წინააღმდეგ ქულების მოპოვება სჭირდებათ.

მამუკა კვარაცხელია მანამდე დონეცკელთა საშინაო მატჩებს მოემსახურა მილანის „ინტერთან“ და მიონხენდგლადბახის „ბორუსიასთან“. სამწუხაროდ, შეხვედრას დონეცკის გუნდისა და საქართველოს ნაკრების მცველი, დავით ხოჭოლავა გამოტოვებს.