„რეალი“ ლიდერებს ინარჩუნებს – მადრიდულმა კლუბმა ხუთ ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა #1TVSPORT
მადრიდის „რეალი“ შემადგენლობის შენარჩუნებაზე აქტიურად მუშაობს. ესპანურმა გრანდმა ბოლო დღეებში სამი ფეხბურთელის კონტრაქტის გახანგრძლივება ოფიციალურად დაადასტურა, კიდევ ორ მოთამაშესთან კი შეთანხმებას მიაღწია.
18 ნოემბერს მადრიდელებმა თურქ ნახევარმცველთან, არდა გიულერთან ხელშეკრულება 2032 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივეს. მომდევნო დღეს ცნობილი გახდა, რომ ამავე ვადით კლუბში ფრანგი ნახევარმცველი ორელიენ ჩუამენიც დარჩება.
20 ნოემბერს „რეალმა“ ბელგიელი მეკარის, ტიბო კურტუას ახალი კონტრაქტიც ოფიციალურად გამოაცხადა. 34 წლის კარის დარაჯი მადრიდულ კლუბში 2028 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.
ესპანური გამოცემის, AS-ის ინფორმაციით, „რეალი“ შეთანხმებულია გუნდის კაპიტან ფედერიკო ვალვერდესთანაც. ურუგვაელი ნახევარმცველის ახალი კონტრაქტი 2031 წლამდე იქნება გათვლილი.
ამასთან, ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, ბრაიმ დიასმა კლუბთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა, რომელიც ძალაში 2031 წლის ივნისამდე იქნება. ვალვერდესა და დიასის ახალი კონტრაქტების შესახებ ოფიციალური განცხადებები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.
მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობის მიზანი გუნდის ძირითადი ბირთვის შენარჩუნება და მომდევნო წლებისთვის სტაბილური შემადგენლობის ჩამოყალიბებაა.