ლიბიაში ქართველი მეზღვაურის გარდაცვალების ფაქტზე ადგილობრივი პროკურატურის დასკვნის გამოქვეყნებას ელოდებიან
ლიბიაში ქართველი მეზღვაურის გარდაცვალების ფაქტზე ადგილობრივი პროკურატურის დასკვნის გამოქვეყნებას ელოდებიან

ლიბიაში გამოძიება არ დამთავრებულა, თუმცა რამდენადაც გავიგეთ, ექსპერტიზის დასკვნა უკვე არსებობს. ახლა მხოლოდ პროკურატურის დასკვნა არის დარჩენილი, – ამის შესახებ ქართველმა მეზღვაურმა რაულ ტაკიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.

რაულ ტაკიძის თქმით, მას და მანუჩარ კეკელიძეს, ეკიპაჟის სხვა წევრებთან ერთად, ლიბიის დატოვების უფლება ადგილობრივმა სამართალდამცველებმა მას შემდეგ მისცეს, რაც მათი გამოკითხვა დასრულდა. გამოძიება ლიბიაში ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარეობს, რომელიც თურქულ გემ „დოგან ბეიზე“ მუშაობდა.

რაულ ტაკიძემ ლიბიაში ყოფნის პერიოდში საცხოვრებელ პირობებზეც ისაუბრა.

„ჩვენ დაკავებულები არ ვყოფილვართ, მაგრამ ლიბიაში მიმდინარე გამოძიების გამო ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილი გვქონდა დაწერილი ეკიპაჟის სრულ შემადგენლობას, 18-ვე კაცს. ამ ხნის განმავლობაში სასტუმროში ვცხოვრობდით. ნორმალური პირობები გვქონდა საჭმელიც და დასაძინებელიც.

ჩვენთვის გამოძიების ვერსიებზე არაფერი არის ცნობილი. არც ის ვიცით, რა ეტაპზეა გამოძიება, უბრალოდ ვიცით, რომ გამოძიება არ დამთავრებულა ლიბიაში. რამდენადაც გავიგეთ, ექსპერტიზას დასკვნა უკვე არსებობს, მხოლოდ პროკურატურის დასკვნა არ არის. ახლა მთელი ეკიპაჟი გამოგვიშვეს. მოგვცეს საბუთი, რომ პროკურატურამ ჩვენი დაკითხვა დაასრულა, ჩვენ აღარაფერი არ გვეხება, თავისუფლები ვართ და გვაქვს ქვეყნის დატოვების უფლება. ამ საბუთის საფუძველზე ჩვენ წამოვედით ლიბიიდან. მანამდე დაკითხვებზე ძალიან ბევრჯერ ვიყავით. მითუმეტეს ჩვენ, ქართველები, რადგან სულ ერთად ვიყავით. მე პირადად ხუთჯერ თუ ექვსჯერ დამკითხეს, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ საათების განმავლობაში მკითხავდნენ“, – განაცხადა რაულ ტაკიძემ.

ამასთან რაულ ტაკიძის თქმით, საქართველოს საზღვარს დაახლოებით 20:00 საათისთვის გადმოკვეთავენ.

„ომი რომ დაიწყო, ჩვენი ახლობლების დახმარებით საქართველოს საკონსულოს დავეკონტაქტეთ. შემდეგ თავად დაგვიკავშირდნენ, საქართველოს საელჩოც გამოვიდა კონტაქტზე. აჭარის მთავრობაც ჩაერთო, ყველა აბსოლიტურად გვეხმიანებიან, მათ შორის პირად კონტაქტზეც გამოდიან. ყოველდღიურ კონტაქტზე არიან ამ წუთამდე. ლიბიიდან სტამბოლში რომ ჩამოვფრინდით, ჩვენი საელჩოს წარმომადგენელი დაგვხვდა იქ. ყველანაირი ყურადღება მოგვაქცია. გუშინ კიდევ ფრენა გადაიდო, იქაც დაგვეხმარნენ, სასტუმროში გაგვიშვეს. დღესაც, ტრაპზონშიც კონსულის წარმომადგენელი გვახლდა. უყურადღებობას არ ვგრძნობთ. ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ სარფამდე მშვიდობით ჩამოვიდეთ, დანარჩენი ყველაფერი კარგადაა ღმერთს მადლობა. ავტობუსით მოვდივართ მე და მანუჩარ კეკელიძე. ჩვენ უკვე ერთ საათზე მეტია ტრაპიზონს გამოვცდით და და საქართველოს დროით რვა საათისთვის ვიქნებით სარფის საზღვარზე“, – განაცხადა რაულ ტაკიძემ.

ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაურის, დავით რაზმაძის საქმეზე საგამოძიებო პროცესის გამო, რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე ქვეყანაში გაუსვლელობის პირობით გააჩერეს.

მეზღვაურთა გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, რომელიც გათავისუფლების პროცესში იყო ჩართული.

გამოძიება ლიბიაში ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარეობს. იგი მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემ „დოგან ბეიზე“ (MV Dogan Bey) მუშაობდა. ამავე გემზე მუშაობდნენ რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე. გემი ლიბიის ნავსადგურ მისრატაში იმყოფებოდა, როცა ქართველი მეზღვაური გემბანიდან ღამით, მორიგეობის დროს გაუჩინარდა. ფაქტი 7 იანვარს მოხდა. სამძებრო სამუშაოების შედეგად, მეზღვაურის ცხედარი 21 იანვარს იპოვეს. გარდაცვლილი დავით რაზმაძე საქართველოში 5 მარტს ჩამოასვენეს.