რაულ ხაჯიმბა სოხუმში განვითარებულ მოვლენებს ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას უწოდებს
რაულ ხაჯიმბა სოხუმში განვითარებულ მოვლენებს ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას უწოდებს

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა სოხუმში განვითარებულ მოვლენებს ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას უწოდებს.

ხაჯიმბამ ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია, სადაც ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

„ყველამ კარგად იცის, თუ რა მოხდა დღეს. პრაქტიკულად, სახელმწიფო გადატრიალების პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ სიტუაციის ნორმალიზებისთვის ყველა საჭირო ზომა უნდა მივიღოთ. ყველა ჩვენმა სტრუქტურამ, სახელმწიფო თუ ძალოვანმა სტრუქტურებმა, რომლებიც სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობაზე არიან პასუხისმგებელი, ნორმალურ რეჟიმში უნდა იმუშაონ“,-აღნიშნა ხაჯიმბამ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან  აქცია დილიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების ნაწილი ე.წ. ადმინისტრაციაში შეიჭრა. სოციალურ ქსელში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ადმინისტრაციაში შეჭრის კადრებიც გავრცელდა.

აქციის მონაწილეები უკანონოდ ცნობენ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომელშიც გამარჯვება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა.

აქციის მონაწილეები უკანონოდ ცნობენ არჩევნების შედეგებს, რომელშიც, ოკუპირებული აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემებით, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.

დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტური აფხაზეთში 2019 წლის 25 აგვისტოს და 8 სექტემბერს გაიმართა. არაღიარებული რესპუბლიკის საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა. რაულ ხაჯიმბამ ე.წ. არჩევნების პირველ ტურში ხმათა 47,39 პროცენტი მიიღო, ალხას კვიცინიამ კი  – 46,17 პროცენტი. მეორე ტურის შედეგების მიხედვით, გამარჯვება ხმათა 66.55 პროცენტით რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა.

დღეს ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საკასაციო მოსმენა დაიწყო „პრეზიდენტობის“ ყოფილი კანდიდატის, „ამცახარას“ ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ალხას კვიცინიას სარჩელზე, რომელიც ცდილობს, გააბათილოს ე.წ არჩევნების შედეგები. მან ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი 20 სექტემბერს შეიტანა. თუმცა, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის შემდეგაც კვიცინიამ „უზენაეს სასამართლოს“ მიმართა.