რატომ უნდა გადმორთოთ საქართველოს პირველ არხზე - ახალი ქართული სერიალები
რატომ უნდა გადმორთოთ საქართველოს პირველ არხზე - ახალი ქართული სერიალები

16 სექტემბრიდან საქართველოს პირველი არხი მაყურებელს ქართული დოკუმენტური და მხატვრული სერიალების ზოლს შესთავაზებს. პირველად საქართველოს პირველი არხის ისტორიაში, ქართული ორიგინალური პროდუქტი ყოველდღიურ რეჟიმში დაიკავებს პრაიმ ტაიმს.

ყოველ ორშაბათსა და სამშაბათს, 22:00 საათზე მაყურებელს საშუალება ექნება ნახოს საქართველოს პირველი არხის ახალ დოკუმენტური სერიალი „პოლკოვნიკის დახეული წერილები“, რომლის რეჟისორი გიორგი ბარაბაძე, ხოლო სცენარის ავტორი მიშა ბასილაძეა. დოკუმენტური სერიალი ეყრდნობა „მწერალთა სახლის“ სავენტილაციო მილში აღმოჩენილ წერილს, რომელსაც ინგლისელი კომისარი სტოქსი საკუთარ ქვეყანაში გზავნიდა. წერილი საქართველოს იმდროინდელ ისტორიას სხვაგვარად აღწერს. 16-სერიიანი პროექტის დასრულების შემდეგ, მას ეთერში კიდევ ერთი ახალი ორიგინალური ქართული დოკუმენტური სერიალი, აკა მორჩილაძისა და ქეთევან სადღობელაშვილის „თბილისის კართან“ ჩაანაცვლებს.

ქართული სერიალების ზოლს ოქტომბრიდან ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს პირველი არხის მხატვრული სერიალი „იდეალური დედა“ გააგრძელებს. სერიალი ეთერში განახლებული ფორმატით გავა და 15-წუთის ნაცვლად, ქრონომეტრაჟი ნახევარსაათიანი გახდება.

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის, თინათინ ბერძენიშვილის თქმით, მაუწყებლის უნიკალურობას სწორედ მის მიერ შექმნილი ხარისხიანი და ორიგინალური პროდუქტი განაპირობებს, რაზეც ახალი ქართული სერიალებიც მეტყველებს.

თინათინ ბერძენიშვილი: „ეს არის პროდუქტი, რომელიც არ არის გათვლილი ერთჯერად ყურებაზე. ახალი სერიალები ქმნიან ღირებულებას, რომელიც თანხვედრაშია პოპ კულტურასთან და შესაბამისად, თანამედროვე ტელევიზიის მოთხოვნებთან. დოკუმენტური სერიალები წარმოაჩენს საქართველოს კულტურასა და ისტორიას და დარწმუნებული ვარ, თითოეული მათგანი კინემატოგრაფიაში ღირსეულ ადგილს დაიკავებს და დროს გაუძლებს. „იდეალური დედით“ ჩვენ ახალი, 15-წუთიანი სატელევიზიო სერიალის ფორმატი დავამკვიდრეთ, ხოლო წელს კიდევ უფრო განსხვავებული შეთავაზება გვექნება“.

თინათინ ბერძენიშვილის თქმით, საქართველოს პირველი არხის გზავნილი მაყურებლისადმი ასეთია: „თუ გსურთ, ყოველდღე, 22:00 საათზე ხარისხიან ქართულ და ორიგინალურ პროდუქტს უყუროთ, უბრალოდ, გადმორთეთ პირველ არხზე“.

საქართველოს პირველი არხის სატელევიზიო არხების ხელმძღვანელის რუსუდან მანჯგალაძის თქმით, წელს პირველი არხი ბაზარზე თამამი განაცხადით შედის.

რუსუდან მანჯგალაძე: „წელს მაყურებელს ნამდვილად საინტერესო პროდუქტებს ვთავაზობთ. მაუწყებელმა თამამი ნაბიჯი გადადგა და პრაიმ ტაიმში ორიგინალური და ქართული პროდუქტი განათავსა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ზუსტად ამ მიმართულებით განსხვავდება სხვა ტელევიზიებისგან. ეს არის პროექტები, რომლითაც ვამაყობთ“.

ასე რომ, ახალ სეზონს საქართველოს პირველი არხი კიდევ უფრო მეტი ქართული მხატვრული და დოკუმენტური სერიალით შეხვდება. ეთერს საერთაშორისო და ორიგინალური ფორმატის სხვა პროექტებიც შეავსებს.