რატომ გზავნის NASA მისიას მეტალის ასტეროიდზე
რატომ გზავნის NASA მისიას მეტალის ასტეროიდზე

2022 წელს NASA ფსიქეს მისიას გაუშვებს. სააგენტოს განცხადებით, პროექტი ძალიან ამბიციურია — ხომალდი უნდა დაჯდეს ასტეროიდზე, რომელიც მთლიანად მეტალისგან შედგება.

NASA-ს გოდარდის კოსმოსურ ფრენათა ცენტრის განცხადებით, შეგროვებული მონაცემები მეცნიერებს დაეხმარება, უკეთესად გაარკვიონ დედამიწისა და სხვა კლდოვანი პლანეტების წარმოშობისა და განვითარების ამბავი.

გეგმის მიხედვით, კოსმოსური ხომალდი სიჩქარეს მარსის თავზე გადაფრენის გზით აკრეფს და ასტეროიდ ფსიქესთან 2026 წლის დასაწყისში მივა.

დედამიწიდან ჩატარებული დაკვირვებები მიუთითებს, რომ 200 კმ სიგანის ასტეროიდი 95% მეტალისგან შედგება, ზუსტად კლდოვანი პლანეტის ბირთვის მსგავსად.

ჩვენთვის ცნობილი ყველა კლდოვანი პლანეტის ცენტრში მოთავსებულია მეტალის ბირთვი. დედამიწის შემთხვევაში, ის პლანეტის მაგნიტური ველის წყაროა. თუმცა, იმის გამო, რომ იქ ჩასვლა არ შეგვიძლია, ბირთვის შესახებ არც თუ ისე ბევრი რამ ვიცით, რადგან ვიკვლევთ არაპირდაპირი მეთოდებით.

ეს რეგიონი ძალიან ცხელია. უკიდურესად მაღალია წნევაც. შეუძლებელია ამ მანძილამდე ხვრელის გათხრა. თუნდაც ეს მოხერხდეს, ჩვენი ყველა ინსტრუმენტი გადნება. მეცნიერთა განცხადებით, ერთადერთ საშუალებად რჩება კოსმოსში მონავარდე პლანეტის ბირთვის შესწავლა. ასეთი ობიექტი კი მზის სისტემაში ნამდვილად არსებობს — ასტეროიდი, სახელად ფსიქე.

ფსიქეს უნიკალური ისტორია აქვს. მეცნიერთა აზრით, ეს ობიექტი სინამდვილეში პლანეტოშენადედია, ანუ პატარა სხეული, რომელიც თავის მსგავს ობიექტებთან შეერთების შედეგად წარმოქმნის პლანეტას. მაგრამ მას შემდეგ, რაც ფსიქე ჩამოყალიბდა, შეიძლება შეჯახებოდა სხვა სხეულებს, რომლებსაც მისთვის მთლიანად უნდა გაეცალათ მანტია. შედეგად, დარჩა მხოლოდ მეტალის ბირთვი.

მისიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია განსაზღვროს, მართლაც არის თუ არა ფსიქე პლანტოშენადედი, გაარკვიოს მისი ზედაპირის ასაკი და გაარკვიოს ასტეროიდის ტოპოგრაფია.

NASA-ს განცხადებით, ხომალდის მიერ გადაღებული ფოტოები და შეგროვებული ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

ასტეროიდი ფსიქე — მხატვრული წარმოსახვა.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით