რატომ დანიშნა ილჰამ ალიევმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები
რატომ დანიშნა ილჰამ ალიევმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ექვსი თვით გადმოწია. ექსპერტების განცხადებით, არჩევნების ოქტომბრის ნაცვლად აპრილში ჩატარება ალიევის კონკურენტებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს უმცირებს.

ალიევს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გამოცხადების უფლება 2016 წლის რეფერენდუმის შემდეგ აქვს, რომელიც აზერბაიჯანის ოპოზიციამ მმართველი რეჟიმის ავტორიტარული ხასიათის გაძლიერების მცდელობად შეაფასა.

იმავე რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 5-დან 7 წლამდე გაიზარდა.

ალი კერიმლი

ილჰამ ალიევი, რომელიც ხელისუფლებაში უკვე 14 წელია, არჩევნებში მონაწილეობას ისევ მიიღებს. გასულ კვირას საპრეზიდენტო კანდიდატად ალიევი მმართველმა პარტია „ახალმა აზერბაიჯანმა“ წარადგინა. სხვა კანდიდატებს შორის არიან პარტია „მუსავატის“ ყოფილი ხელმძღვანელი ისა გამბარი და კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის „აზერბაიჯანის ეროვნული ფრონტის“ ლიდერი ალი კერიმლი.

ისა გამბარი არჩევნების თარიღის შეცვლას ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას უკავშირებს, რომელიც სამი წლის წინ ნავთობის ფასების დაცემის შემდეგ დაიწყო.

ისა გამბარი

„ხელისუფლება ხვდება, რომ კრიზისი ღრმავდება და წლის ბოლოსკენ საზოგადოების უკმაყოფილება გაიზრდება“, – ამბობს გამბარი.

„აზერბაიჯანის ეროვნული ფრონტის“ ლიდერი კი ფიქრობს, რომ არჩევნების თარიღის გადმოწევით ალიევს სურს, კონკურენტებს წინასაარჩევნოდ მოსამზადებელი ვადა შეუმციროს.

ოპოზიციის ბრალდებებს აზერბაიჯანის პარლამენტის წევრი ზაჰიდ ორუჯი პასუხობს და ამბობს, რომ ეკონომიკა აქ არაფერ შუაშია.

„უპირველესად, ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ რეფერენდუმი შედეგების მიხედვით, 2025 წელს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი შესაძლოა, ერთმანეთს დამთხვეოდა. ეს გადაწყვეტილება სხვა კანდიდატებზე გავლენას არ მოახდენს. თუ ზოგიერთი ძალა 25 წლის განმავლობაში ვერ მოემზადა, რამდენიმე თვე ვერაფერს შეცვლის“, – აღნიშნა ორუჯმა.

აზერბაიჯანელ დეპუტატს არ ეთანხმება „არჩევნების მონიტორინგისა და დემოკრატიის შესწავლის ცენტრის“ ხელმძღვანელი ანარ მამედლი.   მისი აზრით, აზერბაიჯანის საზოგადოება მოულოდნელი ცვლილებისთვის მზად არ არის.

ანარ მამედლი

„საზოგადოება ამისთვის მზად არ არის და ხელისუფლებამ შესაძლოა, სწორედ ამაზე გათვალა. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ არჩევნების მონიტორინგზე და არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ყველამ იცოდა, როდის დაიწყებოდა, კარგად მოემზადნენ თუ არა პარტიები დედაქალაქში, ან რეგიონებში. ახლა კი ორი თვის განმავლობაში ეს ფიზიკურად შეუძლებელია“, – თქვა მამედლიმ.

გარდა ამისა, ანარ მამედლი ფიქრობს, რომ არჩევნებამდე ვადის მკვეთრმა შემცირებამ საერთაშორისო სადამკვირვებლო ჯგუფების მუშაობა შესაძლოა, ძალიან გაართულოს, რომლებსაც მანდატის მისაღებად შესაძლოა, დრო არ ეყოთ. The Economist Intelligence Unit-ის მსოფლიო ქვეყნების დემოკრატიის ინდექსში 167 ქვეყანას შორის (ავტორიტარული სახელმწიფოს კატეგორიაში) 148-ე ადგილს იკავებს.

ზაჰიდ ორუჯი

აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები 17 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო. ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოსტს მესამე ვადით იკავებს. უფლებამოსილება კი მიმდინარე წლის ოქტომბერში ეწურება. აზერბაიჯანის კონსტიტუციაში უკვე შეიტანეს ცვლილებები, რომელიც პრეზიდენტის პოსტზე ზედიზედ ორჯერ მეტად არჩევას ზღუდავდა. აღნიშნული შეზღუდვა მოიხსნა. ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პრეზიდენტად მეოთხედ ვადით არჩევაში საკანონმდებლო შეზღუდვები ხელს აღარ შეუშლის. მისთვის ახლა მთავარი ამოცანა არჩევნებში გამარჯვებაა.