რატომ არის საქართველო მოგზაურობისთვის სასურველი ქვეყნების სიაში - „ფორბსი“ სტატიას აქვეყნებს
რატომ არის საქართველო მოგზაურობისთვის სასურველი ქვეყნების სიაში - „ფორბსი“ სტატიას აქვეყნებს

რატომ არის საქართველო მოგზაურობისთვის სასურველი ქვეყნების სიაში, – ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას საქართველოს შესახებ ამერიკული გამოცემა „ფორბსი“.

სტატიის ავტორი ენ აბელი წერს, რომ საქართველოში სტუმართმოყვარეობა ღირებულია.

„როდესაც მეგობრებს ვუთხარი, რომ საქართველოში მივემგზავრებოდი – ქვეყანაში, რომელიც ჩემთვის სასურველი სანახავი ქვეყნების სიაში დიდი ხნის განმავლობაში იყო, ყველანაირი გამოხმაურება მივიღე. ზოგიერთმა იფიქრა, რომ მე შტატს ვგულისხმობდი. ზოგმა იკითხა, იყო თუ არა ეს უსაფრთხო – დიახ. ზოგიერთს კი თვალები გაუნათდა შურით ან ამ ქვეყანაში საკუთარი მოგზაურობის შესახებ ბედნიერი მოგონებებით და ერთ-ერთმა ბარგის ჩალაგებისას გამოსადეგი რჩევა მომცა: წაიღე თან თავისუფალი ტანსაცმელი და ელასტიური შარვლები. ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარე, ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში საკვები შესანიშნავი და ძალიან უხვია. სიტყვა, რომელიც ქართულად კვებას ნიშნავს, „სუფრაა“, რომლის საუკეთესო შესატყვისია „დღესასწაული“. ეს ხუმრობა არაა. იქ ასევე არსებობს გამოთქმა, რომ „სტუმარი ღვთის საჩუქარია“, რაც ნიშნავს, რომ სტუმართმოყვარეობა ღირებულია და ძირითადად, კულინარიით გამოიხატება“, – წერს სტატიის ავტორი ენ აბელი.

„ფორბსის“ სტატიაში აღწერილია ქართული სუფრის მრავალფეროვნება და ტრადიციული კერძები. ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში ცხრადღიანი მოგზაურობის განმავლობაში ერთი ცუდი კერძიც კი არ გაუსინჯავს.

„მთელი საქართველო არის ღვინისა და სიყვარულის ქვეყანა. ეს უკანასკნელი მის გულწრფელ სტუმართმოყვარეობაში ჩანს. რაც შეეხება პირველს, ქვეყანა მიჩნეულია ღვინის სამშობლოდ, რასაც ადასტურებს 7000 წლის წინანდელი მეღვინეობის მტკიცებულებები. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ყურძნის 5000-ზე მეტი სახეობა მოჰყვათ“, – აღნიშნავს ავტორი.

სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოში არსებობენ მეღვინეები, რომლებიც ღვინოს ამზადებენ თიხის ჭურჭელში ტრადიციული მეთოდებით და ასევე ისეთებიც, რომლებიც ამისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებენ.

„კერძები და ღვინო საქართველოს მთავარი მიმზიდველობაა და უპირველესი მიზეზია იმისა, რომ გასული წლის შემდეგ ვიზიტორთა რაოდენობა გაორმაგდა – თუმცა ერთადერთი როდია. ფერწერული სოფლებითა და უძველესი ეკლესიებით მოფენილი მაღალი კავკასიონი თვალწარმტაცია. ის ასევე იდეალურია თხილამურებზე სრიალისთვის. იქ არის ბუნებრივი ცხელი წყაროები და გოგირდის აუზები, განსაკუთრებით ბორჯომის პარკში. შემდეგ, იქ არის თბილისი, რომელიც გაძარცვეს 27-ჯერ, თუმცა აღდგა როგორც კოსმოპოლიტური ადგილი, სადაც თანამედროვე არქიტექტურა ისტორიულ შენობებს ერწყმის, კაფეების მდიდარი კულტურითა და ღვინისა და კოქტეილის ბარების ბუმით “, – ნათქვამია სტატიაში.

ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისი ერთ-ერთია მსოფლიოში იმ მცირე ქალაქებს შორის, რომლებიც აბსოლუტურად გამორჩეულია სხვა ქალაქებისგან.