სასურსათო მაღაზიაში ნაყიდი ქათამი უკვე გარეცხილია. ამას გარდა, ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ ეს პრაქტიკა პათოგენებს ვერ სპობს და პირიქით, შეიძლება მიკრობები გაავრცელოს.
„იმის მიუხედავად, რას გეუბნებიან ან ხედავთ სოციალურ მედიაში, არასოდეს გარეცხოთ ნედლი ქათამი მომზადებამდე. ამით ბაქტერიებს გაავრცელებთ სამზარეულოში და გაზრდით საკვებით გამოწვეული დაავადებების რისკს“, — ამბობს ავსტრალიის საკვების უსაფრთხოების ინფორმაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯულიან კოქსი.
2022 წლის ონლაინგამოკითხვის თანახმად, აშშ-ში, 1822 მონაწილიდან 73 პროცენტმა უპასუხა, რომ ისინი ნედლ ქათამს რეცხავდნენ.
მხოლოდ 30 პროცენტმა იცოდა, რომ ეს არ შეიძლება.
აშკარაა, რომ ამ საკითხზე განათლება არასაკმარისია, რაც ადამიანებს საფრთხეში აგდებს.
ყოველწლიურად, აშშ-ში საკვებით გამოწვეული დაავადებების დაახლოებით 47,8 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება და ამაზე პასუხისმგებელი ყველაზე ხშირად ერთი პროდუქტია — ფრინველის ნედლი ხორცი.
მიუხედავად იმისა, რომ ქათმის გარეცხვა შეიძლება პირდაპირი მიზეზი არ იყოს, ის რისკს ზრდის.
2019 წელს, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ იმ მონაწილეთა 26 პროცენტმა, რომლებიც ქათამს რეცხავდნენ, ბაქტერიები შემდეგ გადასდეს სალათას, მაშინ, როდესაც იმავე ნიჟარაში მწვანილები გარეცხეს.
ნიჟარის საფუძვლიანი დეზინფექცია ცხელი საპნიანი წყლით, რა თქმა უნდა, კარგი ვარიანტია, მაგრამ არასაჭირო საქმეა.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) 2018 წლის შეფასების თანახმად, სასურსათო მაღაზიებში ქათმის ყოველი 25 შეფუთვიდან ერთი დაბინძურებული იყო სალმონელათი (Salmonella).
სულ ახლახან, ერთ-ერთმა შემაშფოთებელმა კვლევამ აჩვენა, რომ საშარდე გზების ინფექციის 5 შემთხვევიდან ერთი შეიძლება უკავშირდებოდეს სამზარეულოში უმი ხორცის არასწორად დამუშავებას.
USDA-ს რჩევით, სამზარეულოში სალმონელასა და ნაწლავის ჩხირისგან (E. coli) თავის დაცვის საუკეთესო გზაა:
არ გარეცხოთ უმი ხორცი
ნედლი ხორცის დასაჭრელად გამოიყენეთ ცალკე დაფა, რომელსაც სხვა საკვებზე არ იყენებთ
უმ ხორცთან შეხების შემდეგ, სულ მცირე 20 წამის განმავლობაში დაიბანეთ ხელები საპნით
გამოიყენეთ საკვების თერმომეტრი, რათა დარწმუნდეთ, რომ ქათამი სულ მცირე 74 °C-ზე მზადდება
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს რჩევები ეხება არა მხოლოდ ქათამს, არამედ სხვა ფრინველებსაც, იქნება ეს ინდაური, იხვი თუ ბატი.