ვიბანთ ხელებს, დეზინფექციას ვუკეთებთ სუპერმარკეტის კალათებს, ვწმენდთ მაგიდას.
თუმცა, რაც შეეხება ტელეფონს? ამ მოწყობილობას დღეში უთვალავჯერ ვეხებით და სულ თან დაგვაქვს — სამზარეულოში, სადილის მაგიდასთან და ტუალეტშიც კი.
ტელეფონი შეიძლება მრავალი სახის საშიში მიკრობით დაბინძურდეს. როდის გაწმინდეთ ბოლოს თქვენი ტელეფონი და რით?
თუ არასწორ საწმენდ საშუალებას ან ხელსაწყოებს იყენებთ, შეიძლება დააზიანოთ თქვენი ტელეფონის დამცავი საფარი, წყალგაუმტარობა ან შეხების მგრძნობელობაც კი.
ნამდვილად საჭიროა თუ არა ტელეფონის გაწმენდა
სენსორული ეკრანები თითის ანაბეჭდებითა და ლაქებით იფარება. შესაბამისად, არსებობს მათი წმენდის ესთეტიკური და ფუნქციური მიზეზები.
კიდევ ერთი მიზეზია ჯანმრთელობის პოტენციური საფრთხეები. როდესაც მობილურ ტელეფონებს მიკროორგანიზმებზე ამოწმებენ, მეცნიერები აუცილებლად პოულობენ ასობით სახეობის ბაქტერიასა და ვირუსს.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს მიკრობი დაავადებას არ იწვევს, მაინც არსებობს პოტენციური ინფიცირების შანსი. ტელეფონს ტუალეტშიც ვიყენებთ და შემდეგ პირთან ახლოს მიგვაქვს, ვეხებით ჭამისას, ვაჭერინებთ სხვადასხვა ადამიანებს შეხვედრისას, კაფეში, ფართიზე თუ საკლასო ოთახში.
ხელებისგან განსხვავებით, რომელთა დაბანაც დღეში ბევრჯერ შეგვიძლია, ტელეფონებს იშვიათად ვწმენდთ სათანადო, საერთოდ თუ ვწმენდთ.
თუ ტელეფონის დეზინფექცია გსურთ, მნიშვნელოვანია, რომ ის ამ პროცესში არ დავაზიანოთ.
ზოგიერთი საწმენდი პროდუქტი ტელეფონს დააზიანებს
შეიძლება ფიქრობდეთ, რომ უცბად გადაწმენდა საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებით ან ხელის სანიტაიზერით ჭკვიანური გზაა ტელეფონის გასუფთავებისთვის. სინამდვილეში, მრავალი ასეთი პროდუქტი ახდენს ტელეფონის ზედაპირისა და შიდა ნაწილების დროთა განმავლობაში დეგრადირებას.
მაგალითად, Apple და Samsung-ი საკუთარ მოწყობილობებზე არ გვირჩევენ ქლორის, წყალბადის ზეჟანგის, ძმრის, აეროზოლი სპრეების, ფანჯრის საწმენდების ან მაღალი კონცენტრაციის ალკოჰოლის შემცველი (70%-ზე მეტი) ხელსახოცების გამოყენებას.
სმარტფონთა უმეტესობა დაფარულია ოლეოფობიური ფენით — თხელი საფარით, რომელიც ხელს უშლის თითის ანაბეჭდებისა და ლაქების დამჩნევას. ძლიერი ქიმიური საშუალებები, როგორიცაა ალკოჰოლი, აცეტონი ან ამიაკზე დაფუძნებული საწმენდები ამ საფარს აცლის და თქვენს ტელეფონს უფრო მოწყვლადს ხდის ლაქებისადმი, მცირდება შეხებაზე რეაგირება.
გავრცელებულ სადეზინფექციო საშუალებას, ძმარს, ძლიერი მჟავიანობის გამო შეუძლია დაჟანგოს პლასტმასის ან ალუმინის კიდეები. მიუხედავად იმისა, რომ ქლორი და წყალბადის ზეჟანგი ძლიერ ეფექტიანი სადეზინფექციო საშუალებებია, ასევე ზედმეტად აგრესიულებია სამემოხმარებლო ელექტრონიკაში გამოყენებული დელიკატური მასალებისთვის.
ალკოჰოლის მაღალი შემცველობის ხელსახოცები პლასტამსს აშრობს და მუდმივი გამოყენებისას მტვრევადს ხდის.
მოკლედ რომ ვთქვათ — თუ საწმენდი საშუალება ეფექტიანია თქვენი სამზარეულოსთვის, დიდი ალბათობით, ის საზიანოა თქვენი სმარტფონისთვის.
მაშ როგორ გავწმინდოთ ტელეფონი?
კარგი ამბავი ისაა, რომ თქვენი ტელეფონის სათანადოდ გაწმენდა მარტივი და იაფია. უბრალოდ, საჭიროა, მიჰყვეთ დიდ მწარმოებელთა სახელმძღვანელოებს. წმენდისას ტელეფონს უნდა მოხსნათ ყველანაირი დამცავი და აქსესუარი.
ტექნოლოგიურ კომპანიათა უმეტესობა გვირჩევს, გამოვიყენოთ 70%-იანი იზოპროპილის ალკოჰოლის ხელსახოცები (უფრო მაღალი არა), რბილი მიკროფიბრა ქსოვილი; ისეთი დელიკატური ადგილების გასაწმენდად კი, როგორიცაა დინამიკების ხვრელები და დამტენის პოეტები — ნეილონისგან დამზადებული ანტისტატიკური რბილი ჯაგრისები, ცხენის ბეწვი ან თხის ბეწვი.
კოვიდის პანდემიის დროს, Apple-მა წმენდის საკუთარ სახელმძღვანელოს გადახედა და iPhone-ის მფლობელებს Clorox-ის სადეზინფექციო ხელსახოცებითა და 70%-იანი იზოპროპილი ალკოჰოლით წმენდის ნება მისცა; კომპანია იქვე დასძენდა, რომ ისინი უნდა გამოვიყენოთ სათუთად, რათა თავიდან ავიცილოთ ეკრანის საფარის დაზიანება და არ მოხდეს ტენის შესვლა მოწყობილობის შიგნით.
ასეთივე რჩევას გვთავაზობს Samsung-ი — რეკომენდაციას უწევს 70%-იანი ალკოჰოლით ოდნავ დასველებულ მიკროფიბრა ქსოვილს, მაგრამ ამავე დროს, თავი უნდა შევიკავოთ პორტებსა და ღიობებზე პირდაპირი გამოყენებისგან.
შემთხვევითი დაზიანების თავიდან აცილება ამ მეთოდების გამოყენებისას
არასოდეს შეასხუროთ სითხე პირდაპირ ტელეფონს, რადგან ტენი შეიძლება შევიდეს პორტებსა და შიდა კომპონენტებში და გამოიწვიოს მოკლე ჩართვა ან კოროზია.
სარისკოა ტელეფონის ჩადება ნებისმიერი სახის საწმენდ საშუალებაში, წყალგაუმტარი მოდელებისთვისაც კი, რადგან ამით შეიძლება დეგრადირდეს დალუქვის ის საშუალებები, რომლებიც წყლის შეღწევას უშლიან ხელს.
არ გამოიყენოთ ქაღალდის ხელსახოცები, ქსოვილები ან უხეში ტილოები, რომლებმაც შეიძლება ტელეფონი დაკაწროს ან დატოვოს მტვერი, რომელიც შემდეგ ღიობებში გაიჭედება.
და ბოლოს, იფრთხილეთ ზედმეტი წმენდის გამო. ზედმეტმა წმენდამ შეიძლება გაცვითოს დამცავი საფარი და თქვენი ტელეფონი უფრო მოწყვლადი გახადოს თითის ანაბეჭდების, ლაქებისა და ზედაპირის გრძელვადიანი დაზიანებისადმი.
რამდენ ხანში ერთხელ უნდა გავწმინდოთ ტელეფონი
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მკაცრი წესი ტელეფონის გაწმენდის სიხშირესთან დაკავშირებით, საკმარისი უნდა იყოს სათანადოდ გამწმენდა სულ მცირე კვირაში ერთხელ.
თუკი ტელეფონს რეგულარულად იყენებთ მაღალი რისკის გარემოში, როგორიცაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საავადმყოფო, სავარჯიშო დარბაზი ან ტუალეტი, სასურველია მისი უფრო ხშირად გაწმენდა.
თუ ჰიგიენას სერიოზულად უდგებით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ხელების წმენდა, არამედ იმ საგნებისაც, რომლებსაც ყოველდღიურად ყველაზე ხშირად ეხებით.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.

