რატი იონათამიშვილმა ოპოზიციას მიმართა - თქვენ გსურთ, ცილისწამება აქციოთ ტრადიციად მაშინ, როდესაც ჩვენი ტრადიცია ღირსების დაცვაა
რატი იონათამიშვილმა ოპოზიციას მიმართა - თქვენ გსურთ, ცილისწამება აქციოთ ტრადიციად მაშინ, როდესაც ჩვენი ტრადიცია ღირსების დაცვაა

დიახ, ჩვენ დავიცავთ ჩვენს უფლებებს სასამართლოშიც, მივმართავთ ეთიკის ქარტიასაც და არ შეგრჩებათ არც ერთი ტყუილის, ცილისწამების მცდელობა, ვინაიდან თქვენ გსურთ, ცილისწამება აქციოთ ტრადიციად მაშინ, როდესაც ჩვენი ტრადიცია ღირსების დაცვაა, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, ღირსება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც არის ხელშეუვალი, დაცული კონსტიტუციით და რასაც იცავს სახელმწიფო.

იონათამიშვილის განცხადებით, არაფერი ისე არ ლახავს ღირსებას, როგორც ცილისწამება და სიცრუე, მით უმეტეს, თუ ის ხდება პოლიტიკური საქმიანობის გამო „შავი პიარის“, მანკიერი, ბინძური ტექნოლოგიების გამოყენებით და რომლის სამიზნე არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანი, არამედ მისი ოჯახის წევრებიც ხდებიან.

„საზოგადოება კარგად ხედავს, რომ რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს უნარი, საქმეზე მოახდინოს ოპონირება და ამიტომ ცდილობს, ადამიანის გასაშავებლად, მისი პატივისა და ღირსების შესალახად ყველაზე ბინძური, უკადრებელი მეთოდები გამოიყენოს, რა დროსაც არ ერიდებიან არც ქვეყნის დაზიანებას და არც ოჯახის წევრებზე თავდასხმას. ამის მაგალითია თუნდაც საპარლამენტო არჩევნების დროს მათ მიერ წარმოებული კამპანია, რომელიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან შეფასდა, როგორც ქართული დემოკრატიის ძირის გამოთხრის მცდელობა ან თუნდაც თვითმმართველობის არჩევნების დროს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების მიმართ აგორებული ბინძური კამპანიები. დიახ, ჩვენ არ დავტოვებთ უპასუხოდ ცილისწამების არც ერთ ფაქტს, და თითოეულ მსგავს შემთხვევაზე გვექნება ადეკვატური, სამართლებრივი პასუხი. სასამართლოში სარჩელის შეტანა არის ყველაზე დემოკრატიული პროცესი. დიახ, ჩვენ დავიცავთ ჩვენს უფლებებს სასამართლოშიც, მივმართავთ ეთიკის ქარტიასაც და არ შეგრჩებათ არც ერთი ტყუილის, ცილისწამების მცდელობა, ვინაიდან თქვენ გსურთ, ცილისწამება აქციოთ ტრადიციად მაშინ, როდესაც ჩვენი ტრადიცია ღირსების დაცვაა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.