რატი იონათამიშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები პოპულისტური განცხადებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ
რატი იონათამიშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები პოპულისტური განცხადებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპონენტები პოპულისტური განცხადებებით ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.

„საზოგადოება ახლა კარგად ხედავს, ზუსტად რითი განსხვავდება პოპულისტური გამოსვლები საქმიანი გამოსვლებისგან. ამის ბოლო მაგალით იყო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის გამოსვლა, რომელმაც ილაპარაკა კონკრეტულ საქმეზე და მანამდე ვნახეთ ჩვენ აბსოლუტურად პოპულისტური გამოსვლები, და ერთგვარი იმის მცდელობაც, რომ საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ.

არის გარკვეული საკითხები, რაზეც მართლაც უხერხულია, რომ ჩვენ პოლიტიკური სარჩულით მივუდგეთ. ეს არის ერთ-ერთი ასეთი საკითხი, რადგანაც ეს სჭირდება ჩვენს მოქალქეებს, სჭირდება ჩვენს ქვეყანას და თითოეული ჩვენთგანი ამას პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე ვიღებთ“,- განაცხადა იონათამიშვილმა და განმარტა, რომ დღეს პარლამენტში ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის განხილვა არ მიმდინარეობდა, როგორც ეს ამგვარად ოპოზიციამ წარმოაჩინა.

იონათამიშვილის თქმით, დღეს პარლამენტში ერთი კონკრეტული ინიციატივა განიხილეს.

„იყო მცდელობა, ისე წარმოეჩინა, თითქოს ჩვენ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის განხილვა გვქონდა დღეს, რაც სრულიად სიცრუეა. ჩვენ გვქონდა ერთი კონკრეტული ინიციატივის განხილვა, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და მეორე, ტაქტიკა იყო ასეთი, რომ უწოდეს ნაგლეჯი. და ის, რასაც თქვენ ნაგლეჯს უწოდებთ, ბატონებო, სინამდვილეში არის ის, რაც ათი ათასობით ადამიანს და ათასობით ოჯახის კეთილდღეობას შეეხება. უბრალოდ, ეს არის განსხვავება იმ დამოკიდებულებებს შორის, რომელიც არის. მეორე, რაც მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ თურმე ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური არგუმენტი ჩვენი ოპონენტების მხრიდან არის ის,თუ რატომ არის ექვსთვიანი.

თუ ამაზე მეტი სადავო თემა არ გვაქვს, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ანტიკრიზისული გეგმა დიახაც ძალიან სწორი და მოქნილი არის. მეორე მხრივ, აქამდე გვესმოდა ის არგუმენტი, რატომ არ არის ორთვიანი და დღეს უკვე რატომ არ არის რვათვიანი. ამაშიც ჩამოყალიბდით, რომ ერთიანი „მესიჯბოქსი“ გქონდეთ, ხან ორთვიანი არ უწოდოთ და ხან ათთვიანი. თვეებს აქ არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს ჩვენი მოქალაქეების მდგრადობას. თორემ ის არგუმენტიც რომ გითხრათ, რომ თუ ჩვენ არჩევნებისთვის გვინდა, მაშინ მართლაც იქნებოდა ათთვიანი, კი ბატონო. მაგრამ არა, ჩვენ გვინდა ეს მდგრადობისთვის, სტაბილურობისთვის, რომ ეს მინიმალური სტაბილურობა და მდგრადობა იგრძნონ ჩვენი ქვეყნის ოჯახებმა.

ასევე, არის აქ ძალიან ბევრი კომპონენტიც, რომელზეც ახლა არ გავავრცობ საუბარს, მაგრამ ერთს მაინც აღვნიშნავ, კრიტიკა იყო იმაზეც, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართულებით არასაკმარისად იხარჯება, მაშინ, როდესაც წამყვანი ქვეყნების ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმებიც კი არ ითვალისწინებენ ამ მიმართულებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სამიზნე ჯგუფებს, განსხვავებით ჩვენი გეგმისა“,- განაცხადა იონათამიშვილმა.

ამასთან, იონათამიშვილმა განმარტა, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებისა და ყველაზე ავტორიტეტული, გავლენიანი საერთაშორისო სავალუტო და საფინანსო ორგანიზაციების, მათი წარმომადგენლების განცხადებები.

„მხოლოდ ერთს მოვიყვან ახლა, მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორის სებასტიან მოლინიუსის განცხადებას, რომელმაც შემდეგი სიტყვები თქვა: „ვფიქრობ, ის ექვსპუნქტიანი გეგმა, რომელიც ხელისუფლებამ შეიმუშავა, ძალიან ფრთხილი, მოქნილი და გონივრულია“. ვფიქრობ, ეს არის სხვაობა, ნეიტრალურ არბიტრებს, ნეიტრალურ შეფასებებსა და პოლიტიკურად მოტივირებულ ადამიანებს შორის“, – განაცხადა იონათამიშვილმა.