რატი იონათამიშვილის განცხადებით, ხელისუფლება ეპიდსიტუაციას მართავს და არჩევნების გადადების საკითხი დღის წესრიგში არ დგას
რატი იონათამიშვილის განცხადებით, ხელისუფლება ეპიდსიტუაციას მართავს და არჩევნების გადადების საკითხი დღის წესრიგში არ დგას

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ხელისუფლება ქვეყანაში ეპიდსიტუაციას მართავს და დღის წესრიგში საპარლამენტო არჩევნების გადადების საკითხი არ დგას.

როგორც ჟურნალისტებს იონათამიშვილმა განუცხადა, რეკომენდაციების დაცვა ის ვალდებულებაა, რითაც მოქალაქეები გაუფრთხილდებიან არა მხოლოდ საკუთარ ოჯახებს, არამედ – ქვეყანას.

„ხელისუფლების რეაგირება ყოველთვის მყისიერი და ეფექტურია. ცხადია, მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარება გათვლილი გვაქვს და მზად ვართ. პრემიერ-მინისტრმა სწორად განაცხადა, რომ დღეს სამოქალაქო პასუხისმგებლობა არის პატრიოტიზმი. ხელისუფლების გადაწყვეტილებებთან ერთად, აუცილებელია, გვესმოდეს, რომ რეკომენდაციების დაცვა ვალდებულებაა, რითაც გავუფრთხილდებით არა მხოლოდ საკუთარ ოჯახებსა და ჯანმრთელობას, არამედ – ქვეყანას. ვმოქმედებთ ადამიანის ჯანმრთელობისა და ქვეყნის ეკონომიკის დაცვის პრინციპით. ნებისმიერი გადაწყვეტილების დროს, ბალანსს სწორედ აქედან გამომდინარე ვიჭერთ და ჩვენი ყველა გადაწყვეტილება ამის მიხედვით იქნება მიღებული“, – განაცხადა იონათამიშვილმა.