რატი იონათამიშვილი - ზელენსკის სანქციები პასუხია მხოლოდ იმაზე, რომ საქართველოში მშვიდობაა და ქვეყანა მეორე ფრონტად არ იქცა, ეს აქტი პოლიტიკურ კურიოზებში შევა
დემოკრატია არაფერ შუაშია, ეს სანქციები პასუხია მხოლოდ იმაზე, რომ საქართველოში მშვიდობაა და ქვეყანა მეორე ფრონტად არ იქცა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ ვინმეს უნდა, რომ საქართველო განადგურდეს და ომი იყოს, ეს არ მოხდება.
„ჩვენ ბოლომდე მშვიდობას დავიცავთ. რასაკვირველია, ეს აქტი პოლიტიკურ კურიოზებში შევა. როგორც ჩანს, სიაში ინფრასტრუქტურის მინისტრი იმიტომ არის, რომ ბოლო წლებში ინფრასტრუქტურა კარგად მოეწყო და ისტორიული მასშტაბის პროექტები განხორციელდა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა ბრძანება, რომელიც მოიცავს საქართველოს 20 მოქალაქისთვის აკრძალვებს უკრაინაში შესვლაზე, ბიზნესის წარმოებაზე, ქონების შესყიდვაზე, აგრეთვე ფინანსური აქტივების გაყინვას.