რატი იონათამიშვილი - ყოველწლიურად ჩემი მთავარი საზრუნავია შშმ პირთა საჭიროების ადეკვატური ასახვა ბიუჯეტში, ივლისის შემდეგ გარკვეული ხედვა უნდა გვქონდეს
რატი იონათამიშვილი - ყოველწლიურად ჩემი მთავარი საზრუნავია შშმ პირთა საჭიროების ადეკვატური ასახვა ბიუჯეტში, ივლისის შემდეგ გარკვეული ხედვა უნდა გვქონდეს

ყოველწლიურად ჩემი მთავარი საზრუნავი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროების ადეკვატური ასახვა ბიუჯეტში, სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვთა ზრუნვის პროგრამის ბიუჯეტი იმ ოთხი წლის ციკლში თითქმის 80 პროცენტით გაიზარდა და 38 მილიონ ლარამდე ავიდა, ეს იყო მნიშვნელოვანი პროგრესი, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, რატი იონათამიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობენ.

მისივე თქმით, შშმ პირების უფლებებზე საუბრისას, მისთვის პრიორიტეტი არის დასაქმება, რათა ისინი იყვნენ გადასახადის გადამხდელები და არა პენსიის მიმღები პირები. თუმცა, იონათამიშვილის განცხადებით, იმ ფონზე, როცა დასაქმების პრობლემებია, განსაკუთრებით ეპიდვითარების შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროების ასახვა ბიუჯეტში განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს.

რატი იონათამიშვილის განმარტებით, ანტიკრიზისული გეგმიდან გარკვეულ ჯგუფებზე გაწეული მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომლითაც ბალანსდება სოციალური პაკეტის პოლიტიკის ეს მიმართულებები, თუმცა, აღნიშნული პროგრამა მთავრდება ივლისში და უნდა ჰქონდეთ გარკვეული ხედვა ივლისის შემდეგ.

„ჩემი მთავარი საზრუნავი ყოველწლიურად არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროების ადეკვატური ასახვა ბიუჯეტში. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ წინა მოწვევის პარლამენტშიც ამ მხრივ ფინანსთა სამინისტროსთან საკმაოდ ნაყოფიერად ვმუშაობდით, ამისი მაგალითი არის ის, რომ თუნდაც სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვთა ზრუნვის პროგრამის ბიუჯეტი იმ ოთხი წლის ციკლში გაიზარდა თითქმის 80 პროცენტით და ოცდაორი მილიონი ლარიდან 38 მილიონ ლარამდე ავიდა, ეს იყო მნიშვნელოვანი პროგრესი. რაც შეეხება ამ მხრივ ჩემს პოზიციას, როდესაც შშმ პირების უფლებებზე ვლაპარაკობთ, ჩემთვის პრიორიტეტი არის დასაქმება, რათა ისი იყვნენ გადასახადის გადამხდელები და არა პენსიის მიმღები პირები, თუმცა იმ ფონზე, როცა დასაქმების პრობლემებია, განსაკუთრებით ეპიდვითარების შემთხვევაში, ეს საკითხები განსაკუთრებით აქტუალურად ჩანს. ცხადია, რომ ანტიკრიზისული გეგმიდან გარკვეულ ჯგუფებზე გაწეული მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომლითაც ბალანსდება ასე ვთქვათ სოციალური პაკეტის პოლიტიკის ეს მიმართულებები, თუმცა მინდა, გთხოვოთ, გარკვეული პერიოდის შემდეგ მივუბრუნდეთ ამ საკითხს რადგან ეს პროგრამა არის 6-თვიანი – დაიწყება იანვრიდან და მთავრდება ივლისში, ამიტომ ჩვენ უნდა გვქონდეს გარკვეული ხედვა, ივლისის შემდეგ რას ვაკეთებთ და ვთქვათ, რა სერვისებს შევთავაზებთ შშმ პირებს. ამიტომ უნდა მოვუბრუნდეთ ამ თემებს რომ ივლისში უკვე მზათ ვიყოთ, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.

დატოვე კომენტარი