რატი იონათამიშვილი - ვენეციის კომისიის განცხადებაში არაერთი ფაქტობრივი უზუსტობაა, რაც უხერხულობას იწვევს, დღემდე არ მოგვისმენია, ცვლილებები რომელ სტანდარტს ეწინააღმდეგება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ ვენეციის კომისიის განცხადებაში არაერთი ფაქტობრივი უზუსტობაა, რაც საკმაოდ უხერხულობას იწვევს.
„ნაჩქარევს ვერ დავარქმევთ იმას, რა პროცესიც თვეების მანძილზე მიმდინარეობდა პარლამენტში. როცა საუბარია, რომ პროცესში პოლიტიკური აქტორები არ იყვნენ ჩართული, ესეც უხერხული ჩანართია, რადგან ჩვენ გვახსოვს, მეორე მოსმენის დროს არც ერთი კითხვა არ დაუსვამს არც ერთ ოპონენტს და მათ არც პოლიტიკური გამოსვლებით უსარგებლიათ. ჩვენ პირველიდან მეორე მოსმენამდე ორკვირიანი ტაიმაუტი ავიღეთ და ოპონენტებს შევთავაზეთ, წარმოედგინათ სამართლებრივი არგუმენტები, სად და როგორ უარესდებოდა რომელიმე ნორმა და რომელი ნორმა არ მოდიოდა ევროპულ სტანდარტებთან. მათ მსგავსი ვერაფერი წარმოადგინეს. ასევე, კონსულტაციები იყო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და სამართლებრივი წინააღმდეგობა არც ამ შემთხვევაში დაფიქსირებულა, არც ერთი კრიტიკული წინადადება არ გამოთქმულა. დღემდე არ მოგვისმენია, ეს ცვლილებები რომელ სტანდარტს ეწინააღმდეგება“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
ვენეციის კომისიამ მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ გადაუდებელი მოსაზრება 26 აგვისტოს გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოში მოსმენების შესახებ კანონის პროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და დამატებით დამუშავებას საჭიროებს.