რატი იონათამიშვილი - ვარჰეიმ, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ საქართველოს პრემიერს ვუთხარი, პოლარიზაცია გაღრმავდება, ქუჩაში უკონტროლო სიტუაცია იქნება და ფიცოს ბედი გელის, თუ კანონს არ გაიწვევთო
რატი იონათამიშვილი - ვარჰეიმ, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ საქართველოს პრემიერს ვუთხარი, პოლარიზაცია გაღრმავდება, ქუჩაში უკონტროლო სიტუაცია იქნება და ფიცოს ბედი გელის, თუ კანონს არ გაიწვევთო

ვარჰეიმ, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ საქართველოს პრემიერს ვუთხარი, პოლარიზაცია გაღრმავდება, ქუჩაში უკონტროლო სიტუაცია იქნება და ფიცოს ბედი გელის, თუ არ გაიწვევთ კანონსო, სხვა არაფერს ვგულისხმობდიო, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

იონათამიშვილი გამოეხმაურა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის განცხადებას, რომ ირაკლი კობახიძესთან საუბრისას სლოვაკეთის ტრაგიკული მოვლენა იქნა მოყვანილი, როგორც მაგალითი და მითითება, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს პოლარიზაციის მაღალმა დონემ საზოგადოებაში, თუნდაც ევროპაში.

იონათამიშვილის განცხადებით, ვეტო დაიძლევა და პოლარიზაცია დასრულდება. მისივე თქმით, მმართველი გუნდი შანტაჟს არ დაექვემდებარება, მით უმეტეს, საქართველოს ინტერესების საზიანოდ.

„ვარჰეიმ, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ საქართველოს პრემიერს ვუთხარი, პოლარიზაცია გაღრმავდება, ქუჩაში უკონტროლო სიტუაცია იქნება და ფიცოს ბედი გელის, თუ არ გაიწვევთ კანონსო. სხვა არაფერს ვგულისხმობდიო… საზოგადოება, მინდა, დავამშვიდო, ვეტოს დავძლევთ და პირიქით, პოლარიზაციაც დასრულდება, არც არეულობა იქნება და შანტაჟსაც არასდროს დავექვემდებარებით, მით უმეტეს, ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ“, – წერს რატი იონათამიშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა… – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.