რატი იონათამიშვილი - მოსახლეობის უსაფრთხოებაზე საუბრისას, რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის ვირუსის მხარეს ირჩევს
რატი იონათამიშვილი - მოსახლეობის უსაფრთხოებაზე საუბრისას, რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის ვირუსის მხარეს ირჩევს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ხუთი ქვეყნის გარდა, რომლებთანაც საქართველო საზღვრებს ხსნის, გრძელდება დაკვირვება სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით და გადაწყვეტილება მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე იქნება მიღებული.

„ევროკავშირმა საქართველო შეიყვანა 15 უსაფრთხო ქვეყანას შორის და ევროკავშირის ქვეყნების მიმართ გასცა რეკომენდაცია საზღვრის გახსნის თაობაზე. საქართველო შესაბამის ქვეყნებთან აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებდა და ხუთ ქვეყანასთან საზღვარს ვხსნით.

სხვა ქვეყნებთან მიმართებაში დაკვირვებას ვაგრძელებთ გლობალურ სიტუაციაზე და ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მივიღებთ თანმიმდევრულად შესაბამის გადაწყვეტილებებს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

ამასთან, იონათამიშვილი გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებსაც.

„რაც შეეხება ფრენების თაობაზე რადიკალური და კრიმინალური ოპოზიციის განცხადებებს, საზოგადოება ხედავს, რომ არიან არათანმიმდევრულები და როცა საუბარია მოსახლეობის უსაფრთხოებაზე, ისინი ყოველთვის ვირუსის მხარეს ირჩევენ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს გაუხსნის.