რატი იონათამიშვილი - ვაფასებთ კონგრესმენების თითოეულ განცხადებას, თუმცა ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ ამ წერილებში არაერთი უზუსტობაა
რატი იონათამიშვილი - ვაფასებთ კონგრესმენების თითოეულ განცხადებას, თუმცა ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ ამ წერილებში არაერთი უზუსტობაა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ოფიციალური ვაშინგტონისა და ცალკეული კონგრესმენების განცხადებების ერთმანეთისგან გამიჯვნა მოხდეს.

თუმცა, იონათამიშვილის თქმით, ამის მიუხედავად, მმართველი პარტიისთვის თითოეული კონგრესმენის პოზიცია საყურადღებოა.

„თუ ადგილი აქვს ცალკეულ უზუსტობებს, ცხადია, ამაზე მეტი თანამშრომლობა გვექნება. მალე შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტი იგეგმება“ ,- განაცხადა იონათამიშვილმა.

იონათამიშვილის განმარტებით, შესაძლოა უფრო მეტად იყოს გასაგები იმ კონგრესმენების კრიტიკული განცხადებები, რომლებიც ამავდროულად კომპანია „ფრონტერას“ ლობისტები არიან.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანოს არა კონკრეტულმა პოლიტიკოსმა, არამედ საერთაშორისო არბიტრმა. იცით, რომ ჩვენი სახელმწიფოს ინიციატივით, ეს დავა არის საერთაშორისო არბიტრაჟში.

რაც შეეხება ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას, რომლებსაც თითქმის ერთწლიანი დავალიანება აქვთ, ვფიქრობ, ეს უსამართლო გადაწყვეტილებაა.

არ შეიძლება, ერთ სიბრტყეზე დავაყენოთ ცალკეული კონგრესმენების განცხადებები და ოფიციალური ვაშინგტონის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ახლახან ვნახეთ, დეკემბერში როგორი მხარდაჭერა იქნა გამოხატული, როდესაც ორპარტიული აქტი იქნა მიღებული. ასევე, ვნახეთ აშშ-ის სახელმწიფო ბიუჯეტი, სადაც 130 მილიონი დოლარით განისაზღვრა საქართველოს მხარდაჭერა და ეს უპრეცედენტო თანხაა.

ჩვენ ვაფასებთ კონგრესმენების მხრიდან გაკეთებულ თითოეულ განცხადებას და ვაანალიზებთ მათ. ჩვენი საზოგადოებაც ხედავს, რომ ამ წერილებში არაერთ უზუსტობას აქვს ადგილი“ ,- განაცხადა იონათამიშვილმა.

დეპუტატის აზრით, გასააქტიურებელია მუშაობა, რათა კონგრესმენებს ობიექტური ინფორმაცია ჰქონდეთ.

„ამიტომ ჩვენი დასკვნის მთავარი ხაზია, რომ უფრო მეტად გავაღრმაოთ პარტიული ხაზითაც მუშაობა, რათა მათ ობიექტური და შესაბამისად, ჩვენთვის პოზიტიური დასკვნები გააკეთონ.

კომუნიკაციის ერთ-ერთი ობიექტური ხელისშემშლელი ფაქტორი შეიძლება იყოს ის წყვეტა, რაც ბოლო პერიოდში საგარეო მიმართულებით გვაქვს. ამიტომ ამ მხრივ მუშაობა უნდა გავააქტიურით. ეს პირველ რიგში, სჭირდება არა პარტიას, არამედ – საქართველოს“ ,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, ამერიკული კომპანია „ფრონტერას“ ყოფილმა თანამშრომლებმა დღეს დამოუკიდებელ დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილთან ერთად პრესკონფერენცია გამართეს. და 11-თვიანი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება მოითხოვეს.

ამასთან, ბექა ნაცვლიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრებს, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს წერილით მიმართა.

ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ თვალყურს ადევნებს აშშ-ის ოფიციალური პირების მიერ საქართველოს მთავრობისთვის გაგზავნილ წერილებს, რომელიც ერთი მხრივ მიმართულია ქართველი ხალხის გაძლიერებისკენ, მეორე მხრივ კი იცავს ამერიკული კომპანიების ინტერესებს, განურჩევლად მათი საქმიანობისა.

ნაცვლიშვილი ნავთობისა და გაზის კომპანია „ფრონტერას“ საქმიანობასთან დაკავშირებით ამახვილებს ყურადღებას და მიიჩნევს, რომ იმ კომპანიის დაცვა, რომელიც დასაქმებულებს ხელფასს თვეობით არ უხდის, ყველაფერს ჩრდილს აყენებს.