რატი იონათამიშვილი - უცნაურია, როდესაც ოპოზიცია საუბრობს განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე და ყოველთვის წინააღმდეგია ნებისმიერი რეფორმის
რატი იონათამიშვილი - უცნაურია, როდესაც ოპოზიცია საუბრობს განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე და ყოველთვის წინააღმდეგია ნებისმიერი რეფორმის

უცნაურია, როდესაც ოპოზიცია საუბრობს განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე და ყოველთვის წინააღმდეგია ნებისმიერი რეფორმის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დეპუტატებს თავისი უწყების მუშაობის ანგარიში წარუდგინა.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ცოტა უცნაურია, როცა ოპოზიცია მუდმივად საუბრობს იმ პრობლემებზე, რაც არის განათლების სისტემაში და მეორე მხრივ, ყოველთვის წინააღმდეგია ნებისმიერი რეფორმისა და ცვლილების. ვფიქრობ, განათლება არის ის, სადაც ყველა ერთნაირად უნდა ვიყოთ მონდომებული და ეს ჩვენი პოლიტიკური გადანაწილების სივრცე ნამდვილად არ არის. აქ უნდა ვიყოთ ერთიანები“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისი განცხადებით, მიხეილ ბატიაშვილი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორად ყოფნისას დიდ ყურადღებას უთმობდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის თანაბარი ინკლუზიური განათლების დანერგვას.

„თქვენ როდესაც მინისტრი გახდით, ერთ-ერთი დამატებითი მოტივაცია ჩემთვის სწორედ ეს იყო, რომ ძალიან სწორად და კარგად იცოდით, რას ნიშნავს ინკლუზიური განათლება, რა გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე ვდგავართ. ამასთან, შარშან საგაზაფხულო სესიაზე მივიღეთ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები. მთავარი თემა იყო, რომ სპეციალური მასწავლებლის სტატუსის აღიარება მოხდა და პედაგოგის სტატუსს გაუთანაბრდა.

მოგეხსენებათ, 2019 წლის ბიუჯეტში გავაორმაგეთ სკოლის ინფრასტრუქტურული სამუშაოები. მართალია აქედან თანხის განკარგვა უფრო ინფრასტრუქტურის სამინისტროს პასუხისმგებლობის ქვეშ არის, მაგრამ ცხადია, ამ პროცესში მნიშვნელოვანი იქნება განათლების სამინისტროს პოზიცია. პრიორიტეტების განსაზღვრისთვის მინდა გთხოვოთ, რომ იმ საჯარო სკოლებზე გავრცელდეს პრიორიტეტი, სადაც ხორციელდება ინკლუზიური განათლება და ეს მიმართულება უფრო მეტად არის განვითარებული და დანერგილი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.