რატი იონათამიშვილი - თანამდებობა, გუნდის წევრობა პირველ რიგში პასუხისმგებლობაა, ერთი პასუხისმგებლობისგან გაქცევა და მეორეზე ჩაბღაუჭება სწორი არ არის
რატი იონათამიშვილი - თანამდებობა, გუნდის წევრობა პირველ რიგში პასუხისმგებლობაა, ერთი პასუხისმგებლობისგან გაქცევა და მეორეზე ჩაბღაუჭება სწორი არ არის

თანამდებობაც და გუნდის წევრობაც პირველ რიგში არის პასუხისმგებლობა, როდესაც უმრავლესობასა და გუნდს ტოვებ, ელემენტარული პრინციპია, რომ თანამდებობა მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, რატი იონათამიშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზვიად კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე განაცხადა.

მისი თქმით, არ არის სწორი ერთ პასუხისმგებლობას გაექცე და მეორეს ჩაეჭიდო.

„ძალიან უცნაურია ჩემთვის და ცოტა უხერხულიც არის, რომ ჯერ,  როდესაც ტოვებ უმრავლესობას და გუნდს, ელემენტარული პრინციპია, რომ  ამ შემთხვევაში, თანამდებობა მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს. თუ ოდესმე მე ეს გადაწყვეტილება მივიღე, მაშინ არანაირი თანამდებობა არაფრად მიღირს, რადგან თანამდებობაც და გუნდის წევრობაც პირველ რიგში, არის პასუხისმგებლობა. ერთ პასუხისმგებლობას გავექცე და მეორე პასუხისმგებლობას გამოვებღაუჭო, ვფიქრობ, არ არის სწორი. ამ შემთხვევაში,  გულწრფელი და მართალი არ ვიქნებით და პირადი ინტერესების გამო გადავწონით სხვა რაღაცას,  – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

პარლამენტის წევრი სხდომაზე რეგლამენტთან და პროცედურულ საკითხებზე განცხადებებსაც გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, მსგავსი განცხადებები და მიდგომები ხელს უწყობს არაჯანსაღი სტანდარტების დამკვიდრებას, რაც გამოიხატება იმაში, რომ პიროვნული თვისებები უფრო მაღლა დგას, ვიდრე ქვეყნის ინტერესი, გუნდისა და ვალდებულებების, რაც დეპუტატებს გააჩნია.