რატი იონათამიშვილი - „შავი სიების“ წერა აჩვენებს სააკაშვილის ძალადობრივ ბუნებას, არ გამოვრიცხავ, სიაში თანაგუნდელებიც შეიყვანოს, რომლებზეც ფიქრობს, რომ მისი დაკავება არასაკმარისად გააპროტესტეს
რატი იონათამიშვილი - „შავი სიების“ წერა აჩვენებს სააკაშვილის ძალადობრივ ბუნებას, არ გამოვრიცხავ, სიაში თანაგუნდელებიც შეიყვანოს, რომლებზეც ფიქრობს, რომ მისი დაკავება არასაკმარისად გააპროტესტეს

„შავი სიების“ წერა, ცხადია, კომიკურია, მაგრამ ამასთან, აჩვენებს იმ ძალადობრივ ბუნებას, რომელიც სააკაშვილს აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილი არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილმა „შავ სიაში“ თანაგუნდელებიც შეიყვანოს.

„მიხეილ სააკაშვილი დავით აღმაშენებელს ადარებს ხოლმე თავს და სინამდვილეში, ბერიასავით იქცევა. „შავი სიების“ წერა, ცხადია, კომიკურია, მაგრამ ამასთან, აჩვენებს იმ ძალადობრივ ბუნებას, რომელიც მას აქვს. არ გამოვრიცხავ, რომ საბოლოოდ „შავ სიაში“ მან არა მხოლოდ ამ ქვეყნის პატრიოტები და კეთილსინდისიერი მოხელეები, არამედ საკუთარი თანაგუნდელებიც კი შეიყვანოს, ვისზეც მიაჩნია, რომ არასაკმარისად გააპროტესტეს მისი დაკავება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამოქალაქო საზოგადოებას მიმართა და მათ შესთავაზა, დაუბრუნდნენ კორუფციონერთა და ადამიანის უფლებათა დამრღვევთა „შავი სიის“ იდეას. „ჩემი მიმართვა სამოქალაქო საზოგადოებას: გთავაზობთ, დავუბრუნდეთ კორუფციონერთა და ადამიანის უფლებათა დამრღვევთა „შავი სიის“ იდეას. ის ადამიანები, ვინც იარაღი ჩაუდო არჩევნების პერიოდში ყოფილ პოლიციელებს, ვინც მოიპარა დიდი რაოდენობით ხალხის საბიუჯეტო ფული, ვინც გაყალბებით შეკერა კარტოგრაფების საქმე, ვინც მიიღო მონაწილეობა ჩემ მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში, უნდა შეიყვანონ ამ სიაში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.