რატი იონათამიშვილი - საზოგადოებამ კარგად იცის, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ
რატი იონათამიშვილი - საზოგადოებამ კარგად იცის, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

რატი იონათამიშვილი ოპოზიციის მიერ საერთაშორისო პარტნიორების მიმართ გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საარჩევნო თემატიკაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებაში ყველა პუნქტი ასახულია შავით-თეთრზე და ჩანაწერები ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა.

„თითოეულ პუნქტს პირნათლად ვასრულებთ, მათ შორის, შეთანხმებას საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე. ოპოზიციას მოვუწოდებ, შეთანხმების თითოეული პუნქტი შეასრულოს“, – აღნიშნავს იონათამიშვილი.

ამასთან, დეპუტატი საპარლამენტო არჩევნების თარიღის საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა თავად არის დაინტერესებული, საარჩევნო თარიღის გადაწევა მოხდეს.

„ჩვენი ინტერესია, რომ არჩევნები კანონით დადგენილ ვადებში ჩატარდეს, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს სჭირდება ქვეყანას და დემოკრატიის განმტკიცებას. საქართველო ღირსეულად გამოვა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლიდან და ამის შემდეგ არჩევნები ჩატარდება“, – დასძენს იონათამიშვილი.